შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

ქვემოთ მოყვანილი კითხვარი განკუთვნილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის. დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს საშუალება აქვთ გამოგზავნონ შევსებული კითხვარი 24 სექტემბრამდე ელ.ფოსტის მისამართზე: questions@partiebi.ge

ჩამოტვირთეთ კითხვარი

გთხოვთ, უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თითეული პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. თქვენ შეგიძლიათ არ უპასუხოთ ზოგიერთ შეკითხვას.

 შიდა პოლიტიკა

1. კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა:
როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს კონსტიტუციის და სახელმწიფო მოწყობის მიმართ? აპირებთ თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებ(ებ)ის ინიცირებას?


2. განათლება:
როგორია თქვენი ხედვა განათლების პოლიტიკის მიმართ და რა პოლიტიკას გვთავაზობთ დაწყებითი, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად?


3. დასაქმება:
რა ნაბიჯებს გადადგამთ უმუშევრობის დასაძლევად?


4. ჯანდაცვა:
რა პოლიტიკის და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას გეგმავთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და მისი ხარისხის ასამაღლებლად?


5. სოციალური უსაფრთხოება:
რა ინიციატივებით (თუკი ასეთი გაქვთ) გამოდიხართ სოციალური უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით?


6. ეკონომიკა:
როგორია თქვენი გეგმა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად? რა არის პრიორიტეტული თქვენს ეკონომიკურ სტრატეგიაში და რა კონკრეტული ინიციატივები გაქვთ?


7. ეკონომიკა:
როგორ აპირებთ ინფლაციის კონტროლს? რა მიდგომებს გამოიყენებთ ამისათვის?


8. გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა:
გთხოვთ აღწეროთ თქვენი პოლიტიკა საგადასახადო და ფისკალურ რეჟიმთან მიმართებაში და დაასახელოთ/განიხილოთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ)  ამ მხრივ.


9. სახელმწიფო ხარჯები:
დაასახელეთ სახელმწიფო ხარჯების თქვენთვის მისაღები პროპორცია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, თუკი ასეთი პოზიცია გაქვთ გამოკვეთილი


10. სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი:
როგორია თქვენი პოლიტიკა სახელმწიფო ვალისა და საბიუჯეტო დეფიციტის მიმართ? რა პოლიტიკას გაატარებთ ამ მიმართებით?


11. ეკონომიკა:
გთხოვთ დაასახელოთ კონკრეტული ეკონომიკური პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც 2016 წელს შესაძლებელი იქნება შეფასდეს თქვენი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები.


12. თავდაცვის პოლიტიკა:
როგორ წარმოგიდგენიათ თავდაცვის ორგანიზაცია?


13. იძულებით გადაადგილებული პირები:
რა პოლიტიკას გაატარებთ იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის უკეთ ორგანიზებისთვის?


14. ტერიტორიული მთლიანობის საკითხები:
რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის?

 
15. უმცირესობათა უფლებები:
რას წინადადებებს (თუკი ასეთი გაქვთ) გვთავაზობთ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტად ინტეგრირებისთვის?


16. ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში:
ეუთოს წევრ სახელმწიფოთა შორის, საქართველოს ბოლო ადგილზეა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრ ქალთა რაოდენობის მხრივ. გთხოვთ აღწეროთ თქვენი ინიციატივები (თუკი ასეთი გაქვთ) ქალთა პოლიტიკაში თანამონაწილეობის გაზრდისათვის.


17. გარემოს დაცვა/ეკოლოგია:
გთხოვთ დაგვისახელოთ თქვენი წინადადებები (თუკი ასეთი გაქვთ), რომლებიც მიმართულია უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისაკენ


საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები


1. საგარეო პოლიტიკა:
გთხოვთ განიხილოთ საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და რა სტრატეგიის განხორციელებას აპირებთ ამ პრიორიტეტების რეალიზაციისათვის.


2. სტრატეგიული თანამშრომლობა:
რომელ ქვეყნებთან/ქვეყანათა გაერთიანებებთან/ალიანსებთან იზრუნებთ სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმირებასა ან განმტკიცებაზე? რა ნაბიჯებს გადადგამთ ამ მხრივ? რომელი ქვეყანა/გაერთიანება/ალიანსი წარმოგიდგენიათ საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად?


3. რეგიონული თანამშრომლობა: 
რა საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებთ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის აუზში?


4. უსაფრთხობის პოლიტიკა:
როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი არქიტექტურა/პრინციპები?


გთხოვთ, პირობითად გაანაწილოთ საქართველოს ბიუჯეტი თქვენი პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით (მაგალითად: თავდაცვა 25%, ჯანდაცვა 25%, სოციალური სფერო 25%, განათლება 15%, სხვა 10% და ა შ. სადაც კატეგორიაში ‘’სხვა’’ მხოლოდ 3%-ზე ნაკლები მოცულების მიმართულებები მოხვდება.

პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.