ამჟამად, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხები წარმოადგენს. შესაბამისად, უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, რომელიც გულისხმობს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას, უნდა პასუხობდეს ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის გაჩენას.
ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ქვეყნის დეოკუპაცია უნდა წარიმართოს მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც რუსეთთან დიალოგი შეეხება არა მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემებს, არამედ გლობალურ საფრთხეებს, რომლის წინაშეც უახლოესი ათწლეულის განმავლობაში იქნება თავად რუსეთი. კავკასიაში ნაციონალიზმის, აგრესიული სეპარატიზმისა და რელიგიური ექსტრემიზმის არსებობა ძირს უთხრის რუსეთის სახელმწიფოს საფუძვლებს. ამიტომაც, 12 წლის წინ პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარების პრინციპები შეიძლება გამოყენებულ იქნას კავკასიაში დასავლეთის, საქართველოსა და რუსეთის კოოპერაციის საფუძვლად, მით უფრო, მსგვასი თანამშრომლობა ნატოსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ავღანეთის საკითხის გარშემო. ერთიანი საქართველო ძლიერი დასავლელი პარტნიორებით და ერთიანი რუსეთის ფედერაცია დაცული რელიგიური და ნაციონალისტური საფრთხეებისგან არის ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესში. ეს კონცეფცია შესაძლებელია გახდეს საქართველო-რუსეთის შემდგომი მოლაპარაკებების, ქვეყნის დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი.