ქდმ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგარეო პრიორიტეტი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციაა. აქედან გამომდინარე, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ნატო არის ერთადერთი ალიანსი, რომლისკენაც საქართველო ისწრაფის. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ინდივიდუალური პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სტრატეგიულ პატნიორებთან, სამხედრო, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასპექტებში. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებად მიგვაჩნია ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები, განსაკუთრებით, გაერთიანებული სამეფო და ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები, როგორებიცაა პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნები.
მეორე მხრივ, საქართველო გააქტიურებს ურთიერთობებს ისეთ მსხვილ აზიურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ძალებთან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია. ეს არის ბაზარი, რომელიც უტოლდება მსოფლიოს ნახევარს და, ამავდროულად, ძალიან სერიოზულ საინვესტიციო ძალას წარმოადგენს.
იმისთვის, რომ ბოლომდე მოხდეს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის ენერგო-სატრანზიტო დერეფნის რეალიზაცია, ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებით მეგობრული ურთიერთობები უნდა განავითაროს შუა აზიის რესპუბლიკებთან და შეინარჩუნოს კეთილმეზობლური ურთიერთობა ირანთან.
განსაკუთრებული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება უნდა მოხდეს საქართველოს ისეთ ტრადიციულად მეგობარ ქვეყნებთან, როგორებიცაა უკრაინა და ისრაელი. მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და თანამშრომლობა ახალ ფაზაში უნდა გადავიდეს, რაც მეტ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე, მის პარტნიორებს.
რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთოების სრულად აღდგენა და ურთიერთობის ნორმალიზება კვლავაც იქნება ქდმ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მხრივ უნდა გამოიკვეთოს ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გაგრძელდეს და გააქტიურდეს დიალოგი საერთაშორისო ფორმატებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების სრული დაცვით.