შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - საგარეო პოლიტიკა

ქდმ მიისწრაფის საქართველოს უსაფრთხო, დემოკრატიულ და ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევისკენ. საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოუდგენელია ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის გარეშე, დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარება და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა კი ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის გარეშე. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას, ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესი როლი დაეკისრება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მონაწილეობას პროცესში. აქედან გამომდინარე,  ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი იქნება საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმას, რომ ინტეგრაციის პროცესში საქართველომ შეინაჩუნოს თვითმყოფადობა და ტრადიციული მემკვიდრეობა და არ შეილახოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები.


არანაკლებ მნიშვნელოვანია მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის წარმოება, რეგიონულ, კონტინენტურ თუ მსოფლიო კონტექსტში. ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინდივიდუალური პარტნიორობის გაძლიერებას და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან, ასევე, აზიის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მძლავრ და გავლენიან მოთამაშეებთან.  საქართველო კვლავაც აიღებს რეგიონში ლიდერი ქვეყნის ფუნქციას, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში  და მუდმივად მიეხმარება და დაიცავს ჩვენს თანამემამულეებს საზღვარგარეთ.