ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებელი პირობაა ქვეყნის დეოკუპაცია. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსეთთან მოლაპარაკების განახლება სარკოზი-მედვედევის 7-პუნქტიანი გეგმის შესრულების მოთხოვნით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება არაღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად.
რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად მნიშვნელოვანია ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს და რუსეთს ერთნაირად ემუქრება რელიგიური ექსტრემიზმისა და ფუნდამენტალიზმის სახით, ამიტომ კავკასიაში ამ მიმართულებით თანამშრომლობა პერსპექტიულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის პროცესის დაწყების პარალელურად. რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფაქტორი უნდა განიხილოს არა საფრთხედ, არამედ შემაკავებელ ფაქტორად, ისე, როგორც ეს ავღანეთში ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში დეზინტეგრაციული პროცესები თავად რუსეთის ფედერაციაში, რაც თავისთავადი საფრთხე იქნება საქართველოსთვისაც. ერთიანი საქართველო ძლიერი დასავლელი პარტნიორებით და ერთიანი რუსეთის ფედერაცია, დაცული რელიგიური და ნაციონალისტური საფრთხეებისგან, არის ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესში. ეს კონცეფცია შესაძლებელია, გახდეს საქართველო-რუსეთის შემდგომი მოლაპარაკებების, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძველი.