შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა

ჩვენი პრინციპია სამართლიანი გადასახადები. ჩვენ გადავიხდით უფრო ნაკლებს უფრო ბევრნი - ავამოქმედებთ სოციალურად სამართლიან პროგრესული დაბეგვრის რეჟიმს. მოქმედი საშემოსავლო გადასახადი ოცი პროცენტის ნაცვლად იქნება  10-20 პროცენტის ფარგლებში. ასევე, ვაუქმებთ ქონების გადასახადს, თუმცა, საშემოსავლო გადასახადს დაემატება +5 პროცენტი „მდიდრების გადასახადი“ იმ ადამიანებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება.


ჩვენი მიზანია, არანაირი გადასახადით არ იბეგრებოდეს მცირე ბიზნესი.   2017 წლის 1 იანვრამდე მცირე ბიზნესი არანაირი გადასახადით არ უნდა იბეგრებოდეს 100 000 ლარიანი ბრუნვის ფარგლებში. ამ დროს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა საქმიანობის სფეროსა და დაქირავებით დასაქმებულებს. ამასთან, მცირე ბიზნესი შეუფერხებლად უნდა სარგებლობდეს ყველა საგადასახადო დოკუმენტით. პრინციპი უნდა იყოს: აღირიცხება, მაგრამ არ იბეგრება. 100 000-დან – 200 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე ბიზნესი პროგრესული დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა (მოგების გადასახადი 5-15 პროცენტი) და მხოლოდ 200 000 ლარიანი ბრუნვის შემდგომ დაუბრუნდება ქვეყანაში მოქმედ დაბეგვრის სრულფასოვან რეჟიმს. აღნიშნული მიდგომით ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობას ბიზნესისთვის.


ჩვენ უზრუნველვყოფთ დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებას. ქვეყანაში უნდა განისაზღვროს შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც შემოსავლის წყაროს მიუხედავად არ დაიბეგრება არანაირი გადასახადით. დაუბეგრავი მინიმუმი საარსებო მინიმუს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს.