ჩვენ უზრუნველვყოფთ სამუშაოს ყველასთვის - გადამზადება და ღირსეული დასაქმება, ეს არის შეთავაზება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. ბიზნესთან პარტნიორობით ჩვენ შევქმნით მეტ სამუშაო ადგილს. სამუშაო ყველასთვის სოციალური სამართლიანობის ამოსავალი წერტილია. სოციალური საბაზრო ეკონომიკა ითხოვს სრულ განაკვეთზე დასაქმებას, რისი შესრულების ვალდებულებაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოსა და სატარიფო ხელშეკრულების მხარეებს.
უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად გვესაჭიროება არა მხოლოდ მეტი მდგრადი განვითარება, არამედ განათლებისა და გადამზადების სფეროში მიზანმიმართული გონივრული ინვესტიციები და შრომის ბაზრის ყოვლისმომცველი რეფორმა. რეფორმა გულისხმობს უმუშევრის სტატუსის სამართლებრივ განსაზღვრას და შესაბამისი შემწეობის შემოღებას.
საქართველოში სამუშაო ძალა 2 მილიონამდე ადამიანით განისაზღვრება, აქედან, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 650 ათასამდეა, მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში თვითდასაქმებულია და მხოლოდ 300 ათასი კაცი ითვლება უმუშევრად. ჩვენ არ ვეთანხმებით ამგვარ ფორმულირებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მილიონი თვითდასაქმებულიდან უმრავლესობა რეალურად უმუშევარია. ჩვენი სოფლის მეურნეობის კონცეფცია გულისხმობს წვრილი საგლეხო მეურნეობიდან მსხვილ ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლას. სახელმწიფო წაახალისებს კოოპერაციებს, შედეგად, მილიონი თვითდასაქმებულიდან 2017 წლამდე ყოველწლიურად 100 000 ადამიანი დაემატება დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას.
ახალი სამუშაო ადგილების შექნისთვის გადამწყვეტია სწორი სატარიფო პოლიტიკა. ენერგომატარებლებზე, ელექტროენერგიაზე და გაზზე ტარიფების შემცირება თავისთავად ნიშნავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და ქართულსავე ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას. პროდუქციის თვითღირებულების 5-8%-ით შემცირების შემთხვევაში, უახლოეს 3-4 წელიწადში გააორმაგებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და, დამატებით, ყოველწლიურად 50 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.