შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - განათლება

ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ იმ ღირებულებათა შენარჩუნება-განვითარება, რომელთაც მომავალში ქართველი ხალხის კეთილდღეობა და უსაფრთხოება უნდა დაეფუძნოს, მხოლოდ განათლების სამართლიანი და ქმედითი სისტემის წყალობითაა შესაძლებელი. ამ კუთხით უმთავრესი პრობლემა განათლების სოციალური პოლიტიკაა, ამიტომაც ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:

  1. სასკოლო სახელმძღვანელოები დაურიგდება ყველა ოჯახს, რომელიც არ იხდის ქონების დეკლარირებულ გადასახადს;
  2. გაიზრდება სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, პედაგოგები უზრუნველყოფილი იქნებიან 900-ლარიანი საბაზისო ხელფასით, პორტატული კომპუტერებითა და  სასკოლო სახელმძღვანელოებით;
  3. ყველა სოფელში აღდგება სკოლა;
  4. სახელმწიფო მხარს დაუჭერს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და მათი საუნივერსიტეტო მომზადების სისტემის სრულყოფას (სამაგისტრო პროგრამების სახელმწიფო მხარდაჭერა, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის კადრების მომზადების სპეციალური პროგრამის ამოქმედება);
  5. დაიწყება მართლმადიდებლური კულტურის ისტორიის სწავლება სკოლებში;
  6. საატესტაციო გამოცდების ჩაბარებით და მინიმალური კომპეტენციის დაკმაყოფილებით დაფინანსდება სწავლის საფასურის მინიმუმ 50%-ით, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახებიდან გამოსული, სოციალურად დაუცველი, მაღალმთიანი რეგიონების  მცხოვრები  სტუდენტები 100%-ით დაფინანსდებიან;
  7. სწავლებაშეჩერებულ სტუდენტებს მიენიჭებათ გამოცდების ჩაბარების უფლება და, გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ექნებათ სახელმწიფოს ხარჯზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა;
  8. სკოლამდელი აღზრდის სისტემა დაბრუნდება განათლების სამინისტროში და მას უზრუნველყოფს სახელმწიფო;
  9. სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს მიენიჭებათ პედაგოგის სტატუსი;
  10. გაიზრდება სახელობო სასწავლებლების დაფინანსება.