შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - საგარეო პოლიტიკა
საგარეო პოლიტიკაში ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სწრაფვას,  საქართველო  იქცეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად. ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების სტაბილური გარანტიაა.

 

აქედან გამომდინარე, უმთავრეს პრიორიტეტს საგარეო პოლიტიკაში წარმოადგენს:

  • საქართველოს გაწევრიანება ნატოში  და ევროკავშირთან დაახლოება;
  • თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს  სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც  აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას;
  • ევროპასთან  ინტეგრაციული  პროცესების განვითარება;
  • მშვიდობის, თანასწორობის, ურთიერთთანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული ღია, პარტნიორული და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ყველა სახელმწიფოსთან და სახელმწიფოთა გაერთიანებებთან, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან  და რეგიონის ქვეყნებთან;
  • რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და არსებული უთანხმოებების მშვიდობიანი მოგვარება,   საერთაშორისო თანამშრომლობით  წვლილის  შეტანა  რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში;
  • აზერბაიჯანთან და სომხეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე,  მათთან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება; 
  • ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება თურქეთთან,  სავაჭრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული  თანამშრომლობა ქვეყნის  ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში;
  • საქართველოს სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის გაძლიერება; 
  • ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში ქართული შენაერთების მიერ საბრძოლო ამოცანების წარმატებით შესრულება,  მნიშვნელოვანი წვლილის  შეტანა  ISAF-ში.