ახალი მემარჯვენეები - გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
საგადასახადო კანონმდებლობა არა ბიზნესის დასაჭერად, დასასჯელად ან/და დასაშინებლად, არამედ მის დასახმარებლად უნდა იქმნებოდეს. ეფექტური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი განვითარება უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო კანონმდებლობის მცირე ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებულობას და შემდეგი პრობლემური საკითხების გადაჭრას:
ორგანულ კანონად ჩამოყალიბდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსი.“ კოდექსში ცვლილებების, დამატებების და შესწორებების შედიოდეს მხოლოდ წინასწარი ერთთვიანი საჯარო განხილვების საფუძველზე;
საგადასახადო კანონმდებლობაში მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ორმაგად წასაკითხი და რთულად განსამარტი დებულებები;
საგადასახადო ადმინისტრირების კომპონენტის ლიბერალიზაცია საგადასახადო კონტროლის მექანიზმების შემცირებასა და პროცედურების გამარტივებას უნდა გულისხმობდეს;
დაწესდეს დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმი მცირე საწარმოებისთვის, რაც გულისხმობს:
სახელმწიფო რეგისტრაციის პირველ წელს მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლებას;
საქმიანობის მეორე და მესამე წელს მოგების გადასახადის არსებული განაკვეთის მხოლოდ 50%-ის გადახდის ვალდებულებას.
დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმი უნდა გავრცელდეს ექსკლუზიურად მხოლოდ შემდეგი პროფილის სამეწარმეო საქმიანობაზე:
სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოება;
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება;
კვების მრეწველობის პროდუქციის წარმოება;
ტურიზმი;
ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.
გამარტივდეს ჯარიმების სისტემა. არ უნდა გამოიყენებოდეს საჯარიმო სანქციები, თუ მეწარმე შეცდომით ან წინასწარი გაზრახვის გარეშე უშვებს შეცდომას კუთვნილი გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდაში. ჯარიმების ოდენობა და განაკვეთები უნდა იყოს დანაშაულის ან/და დარღვევის ადეკვატური და არ უნდა წარმოადგენდეს ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტის ან შეჩერების რისკს და საფუძველს.
გამარტივდეს საგადასახადო აღრიცხვისა და ანგარიშგების ფორმები. საგადასახადო დეკლარირება უნდა განხორციელდეს წელიწადში მხოლოდ ერთხელ;
აიკრძალოს ბიზნესის, განსაკუთრებით, მცირე ბიზნესის წინასწარი დალუქვების, მიმდინარე საქმიანობის შეჩერებისა და დაყადაღების პრაქტიკა, კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული ერთეული გამონაკლისების გარდა;
აეკრძალოს საგადასახადო ორგანოებს სალარო აპარატის სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკა.