შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - ეკონომიკა
საქართველოში ეკონომიკური და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, თუ რა მასშტაბებით და რა ტემპებით იქნება შესაძლებელი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ბიზნესპროცესების შემდგომი განვითარება და რამდენად სრულფასოვნად შეძლებს იგი რეალური ზრდის და განვითარების მიღწევას.


ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი უნდა გახდეს მცირე ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების სტიმულირება და არა სახელმწიფო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრება და განვითარება.


ამის უმთავრესი ამოსავალი პრინციპი დაფუძნებული უნდა იყოს კერძო საკუთრების, კერძო გარიგების და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გარანტიების შექმნის საფუძველზე. სახელმწიფო მინიმალური დონით უნდა ჩაერიოს ბიზნესურთიერთობებში და თავად ბიზნესმა, განსაკუთრებით კი, მცირე ბიზნესმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი წარმოების მოცულობის ზრდა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და ბიზნესის ზრდის უზრუნველმყოფი გადაუდებელი ღონისძიებები და სტრატეგია რამდენიმე ძირითად მიმართულებად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  • აუცილებელია ბიზნესის დეკრიმინალიზაცია ანუ ბიზნესმენთა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმება, ბიზნესზე სახელმწიფო ტერორის აკრძალვა, სადამსჯელო და ჩასაფრების პოლიტიკის გატარებაზე უარის თქმა;
  • სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლდეს სახელისუფლებო წნეხისგან და სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრდეს მიუმხრობლობის, ჩაურევლობისა და თანასწორობის სამართლიანი პრინციპები;
  • გატარდეს აქტიური ანტიმონოპოლიური და ანტიტრასტული პოლიტიკა, რაც ქვეყანაში მიზნობრივი და მაღალი რისკის მატარებელი ბაზრების აქტიური კვლევით, შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების დაგეგმვით და ამ ღონისძიებების აღსრულების პროცესზე ეფექტური მონიტორინგის განხორციელებით გამოიხატება.