შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - სოციალური უსაფრთხოება

ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის პირობებში, ასობით ათასი ადამიანისთვის "უმწეოთა დახმარების" პროგრამა არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ამ სფეროში არსებული პრობლემები: უსამართლობა, გაუმჭვირვალობა, სარეიტინგო ქულების მინიჭებაში მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა, სარეიტინგო ქულების უთანაბრობა რეგიონების მიხედვით, განაპირობებს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის სერიოზულ უკმაყოფილებას. ამ პრობლემების მოსაგვარებლად:

  • უნდა აღმოიფხვრას უთანაბრობა სარეიტინგო ქულების რაოდენობაში და დადგინდეს ქვეყნის მასშტაბით სარეიტინგო ქულების ერთიანი ჭერი (100 000 ქულამდე);
  • მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს დახმარების გაცემისთვის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები და აღმოიფხვრას ორმაგი ინტერპრეტირების და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა  სოციალური  აგენტებისთვის;
  • უმწეოთა დაზღვევას უნდა დაემატოს მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

 

ქვეყნის საპენსიო სისტემა სისტემურ ტრანსფორმაციას საჭიროებს და იგი უნდა დაეფუძნოს ინდივიდუალური შენატანებისა და ინდივიდუალური დანაგროვის პრინციპს. საპენსიო სისტემა უნდა მოიცავდეს 3 კომპონენტს:

  • საბაზისო საპენსიო განაკვეთს - მინიმალური ფიქსირებული სახელმწიფო საპენსიო სტანდარტი უნდა იყოს არანაკლებ საარსებო მინიმუმის ოდენობისა და უნდა დაენიშნოს უკვე პენსიონერ პირებს, საპენსიო ასაკს მიღწეულებს და მათ, ვისი ასაკიც აღემატება 40 წელს, ასევე, პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ შრომითი სტაჟი და შესაბამისად, მოკლებული არიან შესაძლებლობას, ჰქონდეთ ინდივიდუალური საპენსიო დანაგროვი;
  • ინდივიდუალურ საპენსიო დანაგროვს, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს და დამოკიდებული იყოს პირის მიერ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეტანილი თანხების ოდენობითა და ამ შენატანების გადახდის პერიოდით. აღნიშნული სისტემის რეგულირება უნდა განახორციელოს სახელმწიფომ, ხოლო მართვა - კერძო საპენსიო ფონდებმა. დანაგროვი უნდა გამოიქვითოს დასაბეგრი შემოსავლებიდან და გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან;
  • სპეციალურ საპენსიო განაკვეთს, რომელიც უნდა დაენიშნოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ვეტერანის სტატუსის მქონე პირებს. საპენსიო განაკვეთის ოდენობა საარსებო მინიმუმზე 30%-ით მეტი უნდა იყოს. იმ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ვეტერანის სტატუსის მქონეთათვის, რომლებიც ამავდროულად მარტოხელა პირის სტატუსს ფლობენ და დამოუკიდებლად გადაადგილებისა და საკუთარი თავის მოვლის შესაძლებლობა არ გააჩნიათ, საპენსიო განაკვეთი უნდა გაორმაგდეს.