ქვეყანაში ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ყველა მოქალაქის მაქსიმალური მოცვა ჯანმრთელობის დაზღვევით, ამისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის დაზღვევა 65 წლის ზემოთ (მოცულობა - უმწეოთა პაკეტი + მედიკამენტები);
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს 0-16 წლამდე ბავშვების დაზღვევა (მოცულობა - უმწეოთა პაკეტი + მედიკამენტები);
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაზღვევა სოფლის ყველა მაცხოვრებლისთვის;
მოქალაქეთა საყოველთაო დაზღვევის მიზნით, უნდა დაწესდეს საგადასახადო შეღავათი - საშემოსავლო გადასახადისგან გამოქვითვა იმ ოდენობით, რაც ეღირება იმ წელს უმწეოთა პაკეტი
+ მედიკამენტი. აღნიშნული გამოქვითვის უფლება უნდა გავრცელდეს თავად უმწეო მოქალაქეებზე და უშუალოდ მათი ოჯახის წევრებზე; სურვილის შემთხვევაში, დამქირავებელს თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევაზე გაწეული ხარჯი უნდა გამოექვითოს მოგების გადასახადიდან;
სახელმწიფოს მიერ ყოველწლიურად უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებთან მოქალაქეთა სამედიცინო დაზღვევის საბაზო პაკეტისა და მისი ღირებულების განსაზღვრის შესახებ.
ეს პაკეტი, ამ ღირებულებით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, მათ შორის, ინდივიდუალური დაზღვევის მსურველთათვისაც;
ჯანდაცვის სისტემაში უნდა გაძლიერდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომპონენტი (ეპიდემიოლოგია, დაავადებათა პრევენცია და ა.შ.)
უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები ისეთი საშიში და გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა C ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და სხვა.
ფარმაცევტულ და, ზოგადად, სამედიცინო მომსახურების ბაზარზე უნდა გატარდეს აქტიური ანტიმონოპოლიური ზომები, კონკურენციის აქტიური ხელშეწყობის გზით;
ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციისთვის იმ პრინციპით, რომ ეს იქნება ამ დაწესებულების, როგორც სამეწარმეო სუბიექტის პირდაპირი ხარჯი;
უნდა მოწესრიგდეს შრომითი ხელშეკრულებები მედპერსონალთან, მათი უფლებების მნიშვნელოვნად გაზრდის კუთხით.