შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - დასაქმება
დასაქმების ეფექტური პოლიტიკა უშუალოდ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას, მის განვითარებას და სტიმულირებას. ამ თვალსაზრისით, გრძელვადიანი სტრატეგიის უმთავრესი ამოცანა ლიბერალური, თავისუფალი და კონკურენტული ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაა, რომლის ძირითადი მიმართულებებია:

  • უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბება;
  • აქტიური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება;
  • მცირე ბიზნესის განვითარება და მისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

 

აღნიშნული მიმართულებები ითვალისწინებს შემდეგი ძირითადი ინიციატივებისა და ღონისძიებების გატარებას:

  • უნდა განხორციელდეს ბიზნესის დეკრიმინალიზაცია ანუ შეწყდეს ბიზნესის სისხლის სამართლებრივი დევნა, გაუქმდეს წინასწარი პატიმრობა  ეკონომიკური დანაშაულისთვის, აიკრძალოს ბიზნესზე სახელმწიფო ტერორი, უარი ითქვას სადამსჯელო და ჩასაფრების პოლიტიკის გატარებაზე;
  • ორგანულ კანონად უნდა ჩამოყალიბდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“. მასში ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების შეტანა უნდა მოხდეს მხოლოდ წინასწარი ერთთვიანი საჯარო განხილვების საფუძველზე;
  • დაცული უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია და ქვეყანაში ამოქმედდეს სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური, ანტიტრასტული კანონმდებლობა;
  • დაწესდეს დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმი მცირე საწარმოებისთვის;
  • დაბეგვრის საშეღავათო რეჟიმი მცირე საწარმოებისთვის გავრცელდეს სამეწარმეო საქმიანობის ისეთ სახეობებზე, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოება, კვების მრეწველობის პროდუქციის წარმოება, ტურიზმი, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება;
  • შეიქმნას „მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი“ და „სასოფლო ბანკი“ მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობისთვის იაფი საკრედიტო რესურსის მიწოდების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით;