ჩვენი თავდაცვის ორგანიზაცია ეფუძნება ”ტოტალური თავდაცვის” პრინციპს, რაც გულისხმობს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას და მოსახლეობის სათანადო მომზადებას. ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სამოქალაქო თავდაცვის სისტემის დანერგვა, სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარება და რეზერვის გაძლიერება. ამასთანავე გაგრძელდება ჯარის მომზადება, საერთაშორისო წვრთნები და ტრენინგები, აგრეთვე აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით. კიდევ ერთი პრიორიტეტია სამხედრო აღჭურვილობის და იარაღის წარმოება.
თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
მიიჩნევს რა საერთაშორისო სამართალსა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას ეროვნული თავდაცვის ერთერთ ქვაკუთხედად, საქართველო გაგრძელებს საერთაშორისო ნორმების განუხრელ დაცვას, მათ შორის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციების და ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან დადებული მემორანდუმების შესრულებას.