შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - უსაფრთხოების პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოება საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სამართლის ნორმებითა და პრინციპებით.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაცია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამზედრო ძალების ყოფნა, სამხედრო ბაზების მშენებლობა და მათი პოტენციალის ზრდა წარმოადგენს ნიადაგს პროვიკაციებისათვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ასევე მიიჩნევს რომ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე როგორც ამ აღიარებისა და ოკუპაციის საფარქვეშ აქ მიმდინარე ანექსიონისტური პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა არსებული ვითარების შეცვლა და ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსთან ინტეგრირებაა. საქართველოს თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშემწყობი ორგანიზაციების ფარგლებში (გეუთო, ევროპის საბჭო) და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ მიმართული ძალისხმევა ქვეყნის უსაფრთხოების უმთავრესი პრობლემების ეტაპობრივი გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.


ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ქვეყანაში კანონის უზენაესობა. სხვაგვარად შეუძლებელია როგორც ქვეყნის მოქალაქეთა ძირეული უფლებების და ინტერესების დაცვა, ისე დემოკრატიულ სამყაროში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აგრეთვე მიაჩნია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობისთვის აუცილებელია ბრძოლა გლობალური დანაშაულებების, ტერორიზმის, ტრეფიკინიგსა და ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ.


ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება, რომლის პარალელურადაც უნდა მოხდეს სუფთა ენერგიის წყაროების განვითარება,შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეწყობა.