შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - რეგიონული თანამშრომლობა
ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს  მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობას. თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ნაბიჯებით ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის გადაქცევას ეკონომიკურად მიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად. უდიდესი მნიშვნელობა აქვს  სამხრეთ კავკასიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას. სამმხრივი თანამშრომლობისათვის მუშაობა, ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის არსებობს ისეთ საკითხებში თანამშრომლობის პოტენციალი, როგორებიცაა ერთობლივი ძალისხმევა საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება. აღნიშნული ურთიერთობები გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სამმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობას და პოლიტიკური დიალოგს. რეგიონში მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, ეკონომიკური მნიშვნელობის გარდა, უსაფრთხოების განმტკიცების ფუნქციაც აქვს, რაც გამოიხატება ნდობის ამაღლებით, თანამშრომლობის განვითარებით და მდგრადი ბიზნეს პარტნიორობის ჩამოყალიბებით. რეგიონის უსაფრთხოებას ხელს უწყობს სამი უმნიშვნელოვანესი რეგიონულ ენერგეტიკული პროექტი − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენები. ასევე   სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერესია ნაბუკოს, ევრაზიული ნავთობის სატრანსპორტო დერეფნის, თეთრი ნაკადისა და AGRI-ს პროექტების რეალიზაცია მათში აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რესურსების მოზიდვითა და საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებით.

საქართველო აგრეთვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთის ფედერაციის მომიჯნავე რეგიონებთან, კავკასიის ერთიანი სხეულის განუყოფელ ჩრდილოკავკასიურ ნაწილთან კონტაქტების ხელშეწყობას. საამისოდ საქართველოს პარლამენტმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ინიციატივით, მიიღო ჩრდილოეთ კავკასიასთან თანამშრომლობის სტრატეგია. ჩვენი ამოცანაა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ფარგლებში, ხელი შევუწყოთ საქართველოს მოქალაქეებისა და ჩრდილო კავკასიელთა ეკონომიკურ და კულტურულ კონტაქტებს. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ სტაბილურობის და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიღწევა ჩრდილოეთ კავკასიაშ საქართველოს ხანგრძლივვადიან სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.


როგორც აღინიშნა, საქართველოსათვის მეტად აქტუალურია ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომლობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვლის რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს და მაქსიმალურად გაზარდოს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობები. საქართველო და უკრაინა თანამშრომლობენ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების  სფეროებში არა მხოლოდ ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატებშიც.


თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმები. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ენერგეტიკული, სატრანსპორტო და სხვა პროექტების წარმატებით განხორციელებას ორივე ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო და თურქეთი თანამშრომლობენ ისეთ რეგიონულ პროექტებში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. ასევე მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მყოფი რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები, თეთრი ნაკადი და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ასევე მნიშვნელოვანია კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.