ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ეს თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს: შეერთებული შტატები გამოხატავს და ახორციელებს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ეკონომიკური კეთილდღეობის მხარდაჭერას იგია, აგრეთვე თავისუფლების იდეალების მთელს მსოფლიოში გამავრცელებელი და ქომაგი.
შესაბამისად ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს რომ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან არის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრესი მიმართულება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-თან თანამშრომლობა დემოკრატიის ხელშეწყობის, უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ს მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაინტერესებულია პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებით, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებით შეერთებულ შტატებთან.
ერთობლივმა ენერგეტიკულმა, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტებმა ხელი შუწყო სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. ეს პროექტები ხელს უწყობს ორი ქვეყნის სტაბილურობასა და კეთილდღეობას. აზერბაიჯანთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად. ორ ქვეყანას შორის კავშირი არა მხოლოდ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას, არამედ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება. ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ საქართველო-აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალი და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები.
თურქეთი საქართველოს წამყვანი რეგიონული პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო პოლიტიკურ ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირები. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თურქეთთან ურთიერთობის განვითარებას, იგი როგორც ნატოს წევრი მეზობელი ქვეყანა, საქართველოს სამხედრო პარტნიორია.
უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ეკონომიკურ საკითხებში. ჩვენ მივესალმებით უკრაინის მონაწილეობას ევროკავშირის ”აღმოსავლეთის პარტნიორობაში”.
საქართველოსათვის ასევე მნიშვნელოვანია ისტორიულ და კულტურულ გამოცდილებაზე, ასევე პრაგმატულ სამეზობლო ინტერესებზე დამყარებული თანამშრომლობა სომხეთთან.
ამ და სხვა რეგიონულ თუ გლობალური გავლენის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა აისახება და ემსახურება რეგიონალურ და ზესახელმწიფოებრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან საქართველოს ინტეგრაციას. ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა. ალიასნში გაწევრიანება უზრუნველყოფს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვრის დაცვას. ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმები ხელს უწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. როგორც ითქვა, საქართველო თანამშრომლობს ალიანსთან სხვადასხვა ფორმატში და წვლილი შექავს სამშვიდობო ოპერაციებში, რაც შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავებას უწყობს ხელს.