ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ნატოს აქვს განსაკუთრებული როლი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ემსახურება თანამშრომლობის ისეთი ფორმატები, როგორიცაა ნატო საქართველოს კომისია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ერთობლივი სამხედრო წვრთნები და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა.
ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაახლოება. ამ კუთხით აღსანიშნავია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა. ხაზგასასმელია მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვისმომცველ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დაწყება, ევროკავშირთან ვიზების გამარტივების პროცესის დასრულება და დიალოგის დაწყება უვიზო რეჟიმის შესახებ.
ყოველივე ეს საქართველოსათვის წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელსაც პერსპექტივაში უნდა მოყვეს ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში.
ამასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული ინიციატივა მნიშვნელოვანი პლათფორმაა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სტრატეგიული პრიორიტეტის, რეგიონული კავშირურთიერთობებისა და ინტეგრაციის განსახორციელებლად. საქართველოს სასიცოცხლო სივრცე შავი ზღვის არეალი და კავკასიაა. შესაბამისად, ამ რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემატიკის დაძლევაზე ზრუნვა და კულტურულ-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამოცანად რჩება.