ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, რისთვისაც აუცილებელია შემდეგი პოლიტიკის გატარება: ქვეყნის საერთო ეკონომიკურ-ინსტიტუციონალური განვითარება და რეფორმებით მიღწეული წარმატებების განმტკიცება, პარტნიორებთან ერთად რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური ზეწოლის გაგრძელება, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ერთმანეთისაგან განცალკევებულ თემებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობის სოციო - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩართვა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში; ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება რაც შესაძლებლობას გახდის გამყოფ ხაზებს შორის მოსახლეობის მიმოსვლას და საქონლის მოძრაობას; ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა ოკუპაციის ზონაში მცხოვრები ადამიანებისათვის; ერთობლივი პროექტებისა და საქმიანობების მხარდაჭერის მეშვეობით თავისუფალი გადაადგილება.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, იქ მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო რეინტეგრაცია და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანია. ჩვენ მხარს ვუჭერს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ და მივესალმებით ყველა რეალისტურ სამშვიდობო წინადადებასა და ინიციატივას, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას. ჩვენ მივიჩნევთ რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთნ მუდმივი და ინტენსიური კონტაქტი ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენის პროცესის დაჩქარებას. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება შესაბამისი ფორმატებითა და წამახალისებელი მექანიზმების გამოყენებით, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის დაახლოებას ქვეყნის დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლებთან. ჩართულობის პოლიტიკის წარმატებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა კოორდინირების გზით.