საქართველოს განვითარების საწინდარი მისი მრავალეთნიკური საზოგადოების სამოქალაქო ინტეგრაციაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უმცირესობათა უფლებების დაცვას და აღიარებს რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა, ისევე როგორც ეს დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით. უმცრესობებისთვის საყოველთაო თანასწორობა, განათლების, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ასევე მზადაა განუხრელად იზრუნოს მათი უფლებების შემდგომ განმტკიცებაზე საკანონმდებლო გარანტიებით.
ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად კვოტირების სისტემის შემოღებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ აბიტურიენტთა რიცხვი, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში აბარებენ. მათი შემდგომი ინტეგრაციისთვის აუცილებელია უმცირესობათა ჩართვა სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებში. ეუთო-ს ანგარიშის თანახმად, ”ერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას ყავდა ეროვნულ უმცირესობათა კანდიდატების ყველაზე დიდი რაოდენობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ერთიანებული ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოებული კამპანია სხვა პარტიებთან შედარებით უფრო აქტიური იყო და იგი ხორციელდებოდა ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე დაბეჭდილი მასალების მეშვეობითაც.“ ჩვენ ვაპირებთ იგივე პოლიტიკის გაგრძელებას და მივესალმებით მათ უფრო მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიკურ ცხოვრებაში.