შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა

გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ეკონომიკური შედეგების მინიმიზაციის მიზნით და ეკონომიკის განვითარებისთვის 2008-2011 წლებში გამოვიყენეთ ფისკალური პოლიტიკა. 2009 წელს შემუშავდა ფისკალური კონსოლიდაციის (საბიუჯეტო დეფიციტის თანმიმდევრული შემცირების) გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 2013 წელს ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას 3%-მდე (2009 წელს ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენდა 9.2%-ს). ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები წარმატებით განხორციელდა. 2012 წელს დეფიციტის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაგეგმილია 3.5 პროცენტის ნიშნულზე და აღნიშნული შეფარდება 2013 წელს შემცირდება 3 პროცენტამდე, რაც ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას უზრუნველყოფს და სწორი საბიუჯეტო და საგადასახადო დაგეგმარების შედეგია.


გაგრძელდება ხარჯების გონივრული დაგეგმვა და  მართვა, ბიუჯეტის საოპერაციო ბალანსი შენარჩუნებული იქნება დადებით ნიშნულზე, ხოლო ბიუჯეტის მთლიანი დეფიციტი 2013 წელს შემცირდება 3%-მდე. ბიუჯეტის დადებითი საოპერაციო სალდოს პირობებში, ე.წ. კაპიტალურ პროექტებზე (მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა, საგზაო, ტურისტული, რეგიონული, ურბანული, მუნიციპალური, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა) მნიშვნელოვანი ასიგნებების მიმართვა უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, ქვეყნის მდგრად განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.


ამასთან, საგადასახადო კუთხით რეფორმები ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო და 21 ტიპის გადასახადი შემცირდა 6 ტიპის გადასახადამდე. შემცირდა ცალკეული გადასახადების განაკვეთებიც. საგადასახადო წნეხი საქართველოში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში.


წარმატებით განხორციელდა მუშაობა გადასახადების ადმინისტრირების და გადასახადის გადამხდელთა მომსახურების სისტემების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, ელექტრონული სერვისების დანერგვის კუთხით. ამ მიმართულებებით სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს, რათა საქართველოში მოღვაწე ბიზნესებს მაქსიმალურად გავუმარტივოთ ურთიერთობა სათანადო სახელმწიფო სტრუქტურებთან. აღნიშნული მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელთათვის კომფორტული და სამართლიანი გარემოს შექმნას.