საქართველოს სახელმწიფო ვალის მდგრადობა მიღწეული იქნა წლების მანძილზე სახელმწიფო ვალის პრაგმატული და კონსერვატიული მართვის შედეგად, აგრეთვე ქვეყნის მიერ მოზიდული საკრედიტო რესურსის ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პრიორიტეტების შესაბამისად გამოყენების მეშვეობით. უცხოური წყაროებიდან მიღებული საკრედიტო რესურსი ძირითადად მიიმართება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
სახელმწიფო ვალის მოცულობის შეფარდება მშპ-თანმიმართებაში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2011 წელს აღნიშნულმა შეფარდებამ 36.7 პროცენტს შეადგინა. 2012 წლის ბოლოს ეს შეფარდება კიდევ უფრო შემცირდება, სავარაუდოდ 35 პროცენტამდე. ეს პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებული იქნება მომდევნო წლებშიც.
სახელმწიფო ვალის მართვის მნიშვნელოვანი ამოცანაა - სახელმწიფო ვალის პორტფელის არსებული ხელსაყრელი მახასიათებლების შენარჩუნება. ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო ვალი ძირითადად შეღავათიანია. ძალიან დაბალი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი (მხოლოდ წლიური 2% საგარეო სახელმწიფო ვალის მთლიან პორტფელზე) და ვალის დაფარვის შეღავათიანი გრაფიკი - ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ვალის მომსახურების კოეფიციენტების სტაბილურად ჯანსაღ დონეს.