ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. ნომინალური წლიური ეკონომიკური ზრდის 12 პროცენტიან ნიშნულზე შენარჩუნების პირობებში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე გაორმაგდება შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში და გაათმაგდება შემდეგი 10-12 წლის განმავლობაში.
ზრდის ამ დინამიკის პირობებში, ქართული ეკონომიკა ყოველწლიურად გაიზრდება 3-3.5 მილიარდი ლარით. აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. რაც მთავარია, აღნიშნული ეკონომიკური ზრდა უნდა მოიცავდეს ეროვნული ეკონომიკის ყველა სექტორს, რაც ზრდის დინამიკას უფრო მეტ მდგრადობას შესძენს და მოუტანს მეტ სარგებელს ყველა ჩვენს თანამემამულე, ყველა ოჯახს. ძლიერი ქართული ოჯახი - ეკონომიკურად ძლიერი საქართველოა.
ამისათვის, უზრუნველყოფილი იქნება:
- მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა - ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი და ინფლაციის მისაღები დონე, ხარჯების და ვალდებულებების გონივრული დაგეგმვა და მართვა
- სამაგალითო და არაკორუმპირებული სამეწარმეო გარემო - დაბალი და მარტივად ადმინისტრირებადი გადასახადები, რეგულირების ადეკვატური მოდელი, მოსახერხებელი, სწრაფი და მაღალხარისხიანი სახელმწიფო მომსახურება, კორუფციისგან თავისუფალი გარემო.
- ღია, მრავალფეროვანი და მიმზიდველი ეკონომიკური და საინვესტიციო გარემო - თავისუფალი სავაჭრო კავშირები დიდ და პერსპექტიულ ეკონომიკებთან და ბაზრებთან, კაპიტალის, საქონელისა და მომსახურების მოძრაობის და მიწოდების თავისუფლება, სამაგალითო საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
- განვითარებული ინფრასტრუქტურა - სატრასპორტო არტერიების განვითარება და სწრაფი და კომფორტული მიღწევადობა, მდგრადი ენერეგო-მომარაგების უზრუნველყოფა, კონკურენტული და ხელმისაწვდომი განათლებისა და სოციალური ინფრასტრუტურა.
ამ მიდგომებმა უკვე გამოიღო შედეგი და უზრუნველყო ვარდების რევოლუციის შემდეგ ეკონომიკის თვალსაჩინო ზრდა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის სწრაფად დაძლევა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა უმნიშვნელოვანესმა სტრუქტურულმა რეფორმებმა შექმნეს ის მყარი საფუძველი, რომელიც დღეს განაპირობებს ჩვენს შემდგომ ეკონომიკურ წინსვლას და ეკონომიკურ მდგრადობას.