ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს სოციალურად დაცული და ჰქონდეს ღირსეულად ცხოვრებისა და კეთილდღეობის მიღწევის შესაძლებლობა.
სოციალურად დაუცველები გააგრძელებენ მათთვის დღეს უკვე მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობას, ყველა ბავშვს, დაბადებიდან 5 წლის ჩათვლით, ექნება საბავშვო დაზღვევა, ისევე, როგორც ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეს - ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი. ეს პაკეტი გათვლილი იქნება იმაზე, რომ უბედურმა შემთხვევამ ანდა მოულოდნელმა მძიმე ავადმყოფობამ ოჯახის გაღატაკება არ გამოიწვიოს.
სოციალური დახმარების მიზნით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 3 მილიარდი ლარი. გაგრძელდება დევნილთა დახმარების პროგრამები. გასული წლების განმავლობაში ბათუმში, ფოთში, წყალტუბოში აშენდა 64 ახალი კორპუსი, რომელშიც დღეს უკვე ცხოვრობს 1800-ზე მეტი ოჯახი, გარემონტდა საცხოვრებელი ფართები 15 000-მდე დევნილი ოჯახისთვის. დღეს ყველა ეს ბინა მათი საკუთრებაა. ეს პროცესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. ამ მიზნით აშენდება ახალი კორპუსები და გარემონტდება შენობები, რომლებშიც ბინები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ დევნილებს. ეს ამოცანა ხორციელდება იმ დათქმით, რომ მათი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლება - დაბრუნდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც მათი საკუთრების უფლებები, შეუქცევადია.
სახელმწიფო ზრდის პენსიას, ქმნის წინაპირობებს, რომ ადამიანები დასაქმდნენ, უფრო ხელმისაწვდომს ხდის ჯანდაცვას, მაგრამ არავინ იცის ყოველი კონკრეტული ოჯახის პრობლემები და საჭიროებები იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ამ ოჯახმა და ოჯახის წევრებმა.
სწორედ ამიტომ, თითოეულ ოჯახს გადაეცემა ოთხწლიანი 1000-ლარიანი ვაუჩერი, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, რა პრობლემა მოაგვარონ ამით, დაფარონ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯები, შეიძინონ სასკოლო სახელმძღვანელოები ბავშვებისთვის, შეიძინონ საჭირო მედიკამენტები თუ მოიმარაგონ საწვავი და სასუქი სასოფლო სამუშაოებისთვის, დაიქირაონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.