ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი სასკოლო, აკადემიური და პროფესიული განათლებაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, რაც დაეხმარება მათ შესაბამისი კვალიფიკაციის მიღებაში და გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს.
გაგრძელდება უმაღლეს სასწავლებლებს შორის კონკურენციის შემდგომი წახალისება, სწავლებისა და კვლევის უფრო ინტეგრირება და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის გაძლიერება.
პროფესიულმა სასწავლებლებმა და გადამზარდების ცენტრებმა უნდა აღჭურვონ კურსდამთავრებულები იმ ცოდნითა და კვალიფიკაციით, რაც დაეხმარებათ დასაქმებაში და ამასთანავე შეავსებს დეფიციტურ კადრებს. ამიტომ, განათლების სისტემის მხარდაჭერის მიზნით მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაიხარჯება 4 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს:
- მოხდება ყველა საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;
- აშენდება 150 ახალი სკოლა;
- გაიხსნება ბათუმის ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი;
- გაიხსნება 3 ახალი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი;
- გაიხსნება 300 მომავლის კლასი;
- დაზღვეული იქნება ყველა მოსწავლე;
- დაზღვეული იქნება ყველა სტუდენტი;
- გაგრძელდება და გაფართოვდება სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა;
- ყველა წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია;
- გაგრძელდება მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებისათვის სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ გაცემა;
- გაორმაგდება უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტთა რაოდენობა;
- ყველა პირველკლასელს და ფრიადოსანს (საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული) გადაეცემა პერსონალური კომპიუტერი;
- სერთიფიცირებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი იქნება 600 ლარი, ხოლო საუკეთესო 25% ხელფასი - 1000 ლარი;
- მოხდება წარმატებული სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების დაფინანსება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში.
განათლების სფეროში განხორციელებული ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი იქნება უფრო ხარისხიანი განათლება, უფრო უკეთესი სასკოლო ინფრასტრუქტურა და უფრო პროფესიონალი და დაფასებული პედაგოგები.