აუცილებელია პირდაპირი კონტაქტების, სახალხო დიპლომატიის, ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე; ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავებთ ომით გახლეჩილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროგრამებს. სწორედ ჩვენ ვიქნებით ასეთი პროგრამების ინიციატორი და ხელშემწყობი;
ამ პროცესში შესაძლებელია, გერმანიამ შეასრულოს მედიატორის როლი, აგრეთვე, კარგი იქნებოდა ვიშეგრადის ფონდის გამოყენება;
ამავე დროს, მაქსიმალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად, უნდა გააქტიურდეს მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრ-სახელმწიფოსთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურღვევობის საკითხთან დაკავშირებით, რათა გაგრძელდეს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა;
კონფლიქტების რეგიონებში ვითარების მონიტორინგის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამშვიდობო პროცესების აღდგენის მიზნით, გამოყენებული უნდა იყოს ყველა საერთაშორისო ფორმატი, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და სპეციალიზებული სააგენტოების, ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირის ფორმატები. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკების პროცესისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სრულფასოვანი ფუნქციონირება;
აუცილებელია თანმიმდევრული მუშაობის წარმართვა, კერძოდ, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით, რეგიონიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანისა და იქ საერთაშორისო დამკვირვებლების დაბრუნების მიზნით.