მოქმედი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისობა ევროგაერთიანების მოთხოვნებთან სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად;
გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასებისა და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგის თანამედროვე პრინციპებზე დამყარებული სისტემის შექმნა;
მოქალაქეთა სრულად ინფორმირება გარემოსთან დაკავშირებული ვითარების თაობაზე, ასევე, გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი ჩაბმულობის ეფექტიანი მექანიზმების შექმნა;
გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება და გაცნობიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის სათანადო ეროვნული პროგრამების მომზადებისა და მათი დანერგვის გზით;
კადრების მომზადებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შესაძლებლობების გაზრდა გარემოს დაცვის და საბუნებისმეტყველო დარგებში;
ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დანერგვა მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;
გარემოს დაცვისთვის საჭირო და ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვა;
სხვადასხვა სახეობისა და პოპულაციის მდგომარეობის კვლევა ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებისა და რაციონალური ექსპულატაციისთვის;
დაცულ ტერიტორიებზე არსებული ობიექტების დაცვის გაუმჯობესება, აგრეთვე, მათი ფართობის გაზრდა; ბუნების ძეგლებისა და დაცული ლანდშაფტების ინვენტარიზაცია; დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;
ტყეების გარემოსდაცვითი და რეკრეაციული ფუნქციების შენარჩუნების პრიორიტეტად აღიარება, მერქნული რესურსების მოპოვების შეზღუდვა და რეგულირება;
ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა; ენერგიის ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების ხელშეწყობა. პროგრამების განხორციელება ენერგოეფექტიანობის გაზრდისთვის, თანამედროვე ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი მიკრო- და მცირე ჰესების მშენებლობის მხარდაჭერა, არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია;
გენეტიკურად მოდიფიცირებული თესლეულისა და სანერგე მასალის იმპორტის აკრძალვა. ამ ტიპის პროდუქციის მარკირება და ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნება-გამოყენების ხელშეწყობა;
ქვეყნის ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნარჩენების, ასევე, სხვა მაიონიზებელი გამოსხივების მქონე ნივთიერებების ტრანსპორტირების აკრძალვა, არსებული წყაროების გამოვლენა და უსაფრთხო განთავსება, თანამედროვე სტანდარტების სათანადო საცავის მოწყობა;
სტიქიური მოვლენების პროგნოზირებისა და სწრაფი შეტყობინების სისტემის ჩამოყალიბება, რომლის მიზანი იქნება მსხვერპლისა და ზიანის მაქსიმალურად შემცირება;
სანაპირო ზოლისა და მდინარეების ნაპირების დაცვა-აღდგენითი ღონისძიებები; გამწვანებული ტერიტორიების დაცვა და გაფრთხილება.