შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
საბიუჯეტო რეფორმის მიმართულებები:

  • საზოგადოების პრობლემების იდენტიფიცირებაზე ორიენტირებული ქმედითი მექანიზმის შემუშავება საბიუჯეტო პრიორიტეტების დასადგენად;
  • ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;
  • დამტკიცებული ბიუჯეტის გამარტივებული ფორმატით გამოქვეყნება;
  • ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • საჯარო მოხელეების დაცვის ქმედითი მექანიზმების შემუშავება;
  • ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირება და შედეგად საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაქცევა საბიუჯეტო პროცესის მონაწილედ, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის განხორციელება.

 

განხორციელებული რეფორმების შედეგად:

  • საბიუჯეტო პრიორიტეტები დადგინდება მოსახლეობის მონაწილეობით;
  • ბიუჯეტის ოპტიმიზაციით გამოთავისუფლდება სოლიდური თანხები;
  • შესაძლებელი გახდება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე ორიენტირებული პროგრამების დაფინანსება;
  • ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებლის შემცირებით გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი.

 

საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფისთვის: 

  • უზრუნველვყოფთ სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული დაბეგვრის მექანიზმების არსებობას:
    • განვსაზღვრავთ საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავ მინიმუმს, რომელიც საარსებო მინიმუმის ნიშნულის დონეზე იქნება დადგენილი. შემოვიღებთ ფიზიკური პირებისთვის გამოქვითვის გონივრულ სისტემას (ჯანდაცვასთან, დაზღვევასა და პროფესიული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები);
    • მოვაწესრიგებთ მოგების გადასახადში გამოქვითვების სისტემას;
    • გადავხედავთ აქციზური საქონლის ნომენკლატურას და, ძირითადად,  დაიბეგრება ფუფუნების საგნები;
    • გავაუქმებთ ქონების გადასახადში აფასების სისტემას და შევინარჩუნებთ რეალურ 1%-იან განაკვეთს;
  • უზრუნველვყოფთ სტაბილურ საგადასახადო გარემოს და  არ დავუშვებთ საგადასახადო კანონმდებლობაში  ხშირ ცვლილებებს;
  • მოვაწესრიგებთ საგადასახადო კანონმდებლობაში ბუნდოვან და ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის მომცემ დებულებებს, გავამარტივებთ საგადასახადო ნორმებს;
  • უზრუნველვყოფთ საგადასახადო დავების განხილვაში სახელმწიფოს დომინანტური როლის შემცირებას და ადმინისტრაციულ პალატაში სპეციალიზებული მოსამართლეების დანიშვნას;
  • შევამცირებთ და გონივრულ ფარგლებში მოვაქცევთ ჯარიმებსა და საურავებს საგადასახადო და ადმინისტრირების სფეროში;
  • შევამცირებთ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურების საფასურსა და ბაჟს;
  • კანონით არ დავუშვებთ ახალმიღებული ცვლილებების მყისიერად ამოქმედებას  და  დავაწესებთ სულ ცოტა ორთვიან ვადას მისი მიღებიდან ამოქმედებამდე.