შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი
საგარეო  ვალის ზრდა  იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ მთავრობა ამ ფულად სახსრებს გამოიყენებს ისეთ სეგმენტებში, რომლებიც უზრუნველყოფს პირდაპირ ან ირიბ რენტაბელობას. ჩვენ არ დავუშვებთ საგარეო ვალების აღებას პოლიტიკური მიზნების ან არაგამჭვირვალე ღონისძიებების დასაფინანსებლად.


როგორც ცნობილია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ქვეყნის საგარეო ვალის შეფასებას ახდენენ  შემდეგი მეთოდოლოგიით:

  • საგარეო ვალის მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36%-ს შეადგენს. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ განსაზღვრული აქვს, რომ აღნიშნული  მაჩვენებელი არ გასცდება 60%-ს.

  • საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შეფარდება საგარეო ვალთან აჩვენებს, შეძლებს თუ არა ქვეყანა  საგარეო ვალის მომსახურებას საკუთარი სავალუტო რეზერვების ხარჯზე. ამ შეფარდების მიხედვით, დღეს არსებული საერთაშორისო რეზერვების საშუალებით საგარეო ვალის, დაახლოებით, 65%-ის მომსახურება არის შესაძლებელი.

 

მონეტარული პოლიტიკა  მიმართული იქნება  საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდისკენ;

  • საგარეო ვალის დანახარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, დაახლოებით, 3%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ საგარეო ვალის მოცულობა დღევანდელ დონეზე დარჩა,  აღნიშნული მაჩვენებელი არ გაიზრდება;

  • საგარეო ვალის დანახარჯების შეფარდება ექსპორტთან მიმართებაში თითქმის ორჯერ აღემატება დასაშვებ საშუალო მაჩვენებელს და, დაახლოებით, 17%-ს შეადგენს.

 

საგარეო ვალების მომსახურებას და ახალი სესხების აღებას მკაცრად  გააკონტროლებს მთავრობა და ეს პროცესები გამჭვირვალე იქნება საზოგადოებისთვის.


განვლილ წლებში  სახელმწიფომ  აღიარა საქართველოს მოქალაქეების მიმართ არსებული ვალდებულებები (მათ შორის, კოოპერაციული ბინათმშენებლობისა და სხვ.), როგორც სახელმწიფოს შიდა ვალი. თუმცა, სხვადასხვა პოლიტიკური დაპირებისა თუ  ამ საკითხის კანონმდებლობით  მოწესრიგების ცდის მიუხედავად, რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.


აქედან გამომდინარე, დავიწყებთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხდეს სახელმწიფოს შიდა ვალის ინვენტარიზაცია  და  შეიქმნას  დაფარვის რეალური მექანიზმი. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, იგი არ იქნება 3%-ზე მეტი