ჩვენ ვაღიარებთ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის საყოველთაო პრინციპებს; ჩვენი სტრატეგია ემყარება თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც გამოკვეთს სახელმწიფოს როლს მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა:
- ეკონომიკური პოლიტიკა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მოდელს;
- სისტემური ტრანსფორმაციის პროცესში საკვანძო როლი მიენიჭოს სახელმწიფოს, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, მისი უმთავრესი მიზნები და ინდიკატორები;
- სახელმწიფომ უზრუნველყოს სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნა;
- მოხდეს ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზება, რომლის მიზანია საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, რაც დაემყარება ქვეყნის შედარებითი უპირატესობების გამოყენებას;
- მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით და ექსპორტის სტიმულირება.
ჩვენი პოლიტიკის შედეგად:
- სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფს შრომითი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის სტაბილურ შემოსავალს, აგრეთვე, სასურსათო უსაფრთხოებასა და საექსპორტო პოტენციალის ზრდას;
- მცირე ბიზნესის განვითარება უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას, უმუშევრობის შემცირებას, სიღარიბის დაძლევასა და სოციალური ფონის გაუმჯობესებას, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას;
- ბაზარი გათავისუფლდება მონოპოლიებისგან, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ მეწარმეობას და პირველადი მოხმარების საქონელსა და მომსახურებაზე არარეალურად მაღალი ფასების დაწესებით ითვისებენ შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს.
თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ჩვენეული ხედვის თანახმად:
- უნდა გაივლოს მკვეთრი ზღვარი ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის და მოხდეს მათი ფუნქციების რეალურად გამიჯვნა;
- საჯარო სექტორი უნდა იყოს მინიმალური, მაგრამ – ადეკვატური და ეფექტიანი მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას;
- ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს კერძო სექტორისა და ბაზრის თავისუფალ ფუნქციონირებას, რაც განმსაზღვრელია ადამიანების კეთილდღეობის ზრდისთვის.
სახელმწიფოს აქტიური მიზნობრივი პოლიტიკისთვის შერჩეულია შემდეგი სფეროები:
- სოფლის მეურნეობა;
- მცირე და საშუალო მეწარმეობა;
- სოციალური სექტორი.
ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ მოხმარებაზე ორიენტირებული ეკონომიკიდან გადავიდეთ დანაზოგებისა და კაპიტალიზაციის ზრდაზე დამყარებულ ეკონომიკაზე, რამაც განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის მდგრადი განვითარების საქმეში.