საქართველოში ამოქმედდება ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი სახელმწიფო და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის უნიფიცირებულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც თანდათანობით გავხდებით ევროპის სოციალური სივრცის ორგანული შემადგენელი ნაწილი. ახალი სისტემის საფუძველია მსოფლიოში აღიარებული ისეთი პრინციპები, როგორიცაა სამართლიანობა, სოლიდარობა და გარანტირებულობა.
კოალიცია „ქართული ოცნება“ იღებს ვალდებულებას, რომ ყველა კატეგორიის პენსიონერი მიიღებს პენსიას არანაკლებ საარსებო მინიმუმისა, რაც შესაბამისი კანონით იქნება გარანტირებული.
საპენსიო სისტემის ძირეულად გარდაქმნა, რაც ითვალისწინებს დაგროვებით პრინციპზე გადასვლას, დაეფუძნება სავალდებულო საპენსიო დაზღვევას. რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ინსტიტუტები შეასრულებს. პენსიის ოდენობა დამოკიდებული იქნება სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე. სახელმწიფოს ექნება გამოკვეთილი მარეგულირებელი ფუნქცია, რაც უზრუნველყოფს სისტემის სტაბილურობას. გარდა ამისა, არასრული სტაჟისა და არასაკმარისი სადაზღვევო შენატანის მქონე მოქალაქეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაენიშნებათ (ან შეევსებათ) სოციალური პენსია.
საარსებო მინიმუმს გაუტოლდება სახელმწიფო შრომითი (ასაკით) პენსია, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მარჩენალ დაკარგულთა, აგრეთვე, პოლიტრეპრესირებულთა, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა და სხვა სპეციფიკური კონტინგენტის სახელმწიფო პენსია; აღმოიფხვრება დისკრიმინაცია, რომელიც არსებობს 2005 წელს ძალოვანი სტრუქტურებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების საპენსიო უზრუნველყოფაში.
სოციალური დაცვის პრიორიტეტულ სფეროებად განვიხილავთ, აგრეთვე, სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით და სოციალურ მომსახურებას. გაორმაგდება სოციალური დახმარების ოდენობა უკიდურესად გაჭირვებულთათვის. გაიზრდება, აგრეთვე, დახმარების მიმღებთა რაოდენობა. სოციალური დახმარების სისტემა იქნება უნიფიცირებული ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, სოციალურად დაუცველ პირთა მდგომარეობის შეფასების, მათი მომსახურებისა და ადმინისტრირების ფუნქცია მუნიციპალურ ორგანოებს ექნებათ დელეგირებული.
სოციალური მომსახურების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება სპეციალიზებული დაწესებულებები - მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა, მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლები და დღის სტაციონარები, აგრეთვე, სხვა სპეციალიზებული დაწესებულებები. ასეთი დაწესებულებების დაფინანსებისა და ადმინისტრირების ფუნქცია გადაეცემა რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებას.