შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - ჯანდაცვა
საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტით.

ეს პაკეტი უზრუნველყოფს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფინანსური რისკებისგან დაცვას, დაავადებათა პრევენციასა და  გადაუდებელ მკურნალობას.


ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაფინანსების გაუმჯობესებისთვის შემოღებული იქნება მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები. შეიქმნება არასახელმწიფო არამომგებიანი ინსტიტუტი, რომელიც მოახდენს თანხების ადმინისტრირებას, მიმწოდებლების (ექიმები, საავადმყოფოები) შერჩევას და დაფინანსებას. მისი საბჭო დაკომპლექტდება სახელმწიფოს, პაციენტების, ექიმების, სადაზღვევო და არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის, პროფკავშირების) წარმომადგენლებისგან.


კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაბმული იქნება დამატებითი, ბაზისური კალათით გათვალისწინებულზე მეტი მომსახურების გაწევაში. საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო ჰოსპიტლებით.


სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ და დაფინანსებულ ბაზისური სარგებლის კალათში შევა   სხვადასხვა მომსახურება, რომელიც სრულად დაფინანსდება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისით:

  • ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის/სოფლის ექიმი და სპეციალისტები);
  • მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა);
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
  • ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის, გულის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება);
  • ორსულთა მოვლა და მშობიარობა;
  • უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
  • ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (მათ შორის,  სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია);
  • გადაუდებელი სტომატოლოგია;
  • მედიკამენტები - პირველადი მოხმარების (ესენციური) მედიკამენტები 50%-იანი ფასდაკლებით.

 

ამასთან ერთად,  გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, კერძოდ:

  • დიაბეტის პროგრამა (დაფინანსება გაორმაგდება ბიუჯეტიდან);
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა (დაფინანსება გაორმაგდება ბიუჯეტიდან);
  • ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარების პროგრამა (დაფინანსება გაორმაგდება  ბიუჯეტიდან);
  • უსაფრთხო სისხლის პროგრამა (დაფინანსება გაორმაგდება  ბიუჯეტიდან);
  • ტუბერკულოზის პროგრამა;
  • აივ ინფექციის/შიდსის პროგრამა;
  • დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა;
  • ნარკომანიის პროგრამა;
  • ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროგრამა;
  • ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობის პროგრამა;
  • იშვიათი დაავადების მქონე ავადმყოფთა მკურნალობის პროგრამა;
  • პროფესიულ დაავადებათა პრევენციის პროგრამა;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვლევების ხელშეწყობის პროგრამა.