განათლების სტრატეგია მიზნად ისახავს ინდივიდისთვის ცოდნის დაუფლებისა და უნარების გამომუშავების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.
მოხდება განათლების სისტემის დეპოლიტიზება. განათლების სისტემა დაეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს, გათავისუფლდება ავტორიტარული მმართველობისა და პირად ერთგულებაზე დამყარებული მართვის პრინციპებისგან; უზრუნველყოფილი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის მაღალი ხარისხი. შეიცვლება მანდატურის ინსტიტუტის შინაარსი. მანდატური დაიცავს სკოლის უსაფრთხოებას, როგორც სკოლის თანამშრომელი. აღიკვეთება სტუდენტურ თვითმმართველობაზე ზემოქმედების მექანიზმები, რომლებიც პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას ისახავს მიზანს.
შეიქმნება განათლების სისტემის ეფექტიანი მართვის მექანიზმები. განათლების სისტემის მართვა დაეფუძნება შედეგზე ორიენტირებულ სტრატეგიულ დაგეგმვას. განისაზღვრება და გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის როლი განათლების სფეროში. უზრუნველყოფილი იქნება მასწავლებლის, პროფესორის, მეცნიერის შრომის უფლების დაცვა. კანონით დადგინდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ პედაგოგიური, აკადემიური და/ან სამეცნიერო გამოცდილება. განხორციელდება განათლების სისტემის მიუკერძოებელი ყოველწლიური მონიტორინგი და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დოკუმენტების საჯაროობა.
შეიქმნება განათლების დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმები. გაიზრდება განათლების ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მნიშვნელოვნად მოიმატებს პედაგოგთა შრომის ანაზღაურება, ამაღლდება მათი სოციალური სტატუსი და გაიზრდება მათი პრესტიჟი. განათლების დაფინანსების „ვაუჩერული" წესი შეიცვლება საბაზო დაფინანსების გამჭვირვალე წესით.
გაიზრდება განათლების ხელმისაწვდომობა. თითოეულ მოქალაქეს ექნება განათლების მიღების თანაბარი შანსი. სოფლებისა და ქალაქებისთვის დაწესდება სკოლის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის სტანდარტები. სტუდენტებისთვის შემუშავდება გრძელვადიანი დაკრედიტების, მიზანმიმართული სოციალური დახმარებისა და განათლების ფინანსური ხელმისაწვდომობის სხვა მექანიზმები.
ამაღლდება განათლების ხარისხი. განათლების ხარისხი იქნება საგანმანათლებლო დარგში ქართული ისტორიული გამოცდილებისა და დასავლური სტანდარტების შესაბამისი. შემუშავდება და მოქმედებას დაიწყებს განათლების ხარისხის შეფასების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, პრესტიჟისა და ნდობის ამაღლების ხელშემწყობი მექანიზმები. ავტორიზაცია/აკრედიტაციისას გამოყენებული იქნება საჭირო გაზომვადი და ობიექტური ინდიკატორები. არსებითად გადაისინჯება ეროვნული სასწავლო გეგმა. სკოლას დაუბრუნდება აღმზრდელობითი ფუნქცია. გაუქმდება პირველივე კლასიდან უცხოური ენისა და კომპიუტერის სწავლება, აგრეთვე, სწავლება კომპიუტერის მეშვეობით.
ამაღლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო პოტენციალი. შეიქმნება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციის ხელშემწყობი ეფექტიანი სამართლებრივი, ინსტიტუციური და ფინანსური მექანიზმები. განხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამეცნიერო საქმიანობის საბაზო დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.