კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა მმართველობის სისტემა, რომელშიც მთლიანად დარღვეულია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. შემცირდა მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი და არ არსებობს მათი აუცილებელი კარიერული წინსვლის პრინციპი; პოლიტიზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პარლამენტის არჩევნების სისტემა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კონსტიტუცია არაფერს ამბობს პროკურატურის ფუნქციასა და უფლებამოსილებაზე, რამაც გამოიწვია მისი უკიდურესად პოლიტიზება და ხელისუფლების რეპრესიულ აპარატად გადაქცევა. გაუქმდა სამხედრო ძალების, პოლიციისა და სახელმწიფო უშიშროების უწყებათა გაერთიანების აკრძალვა, რამაც გამოიწვია ძალის მეტად სახიფათო კონცენტრაცია. განსაზღვრული არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა.
ჩვენი პროგრამით გათვალისწინებულია:
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონსტიტუციური უზრუნველყოფის გაძლიერება;
- "ქართულ ოცნებაში" შემავალი სუბიექტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საპარლამენტო მმართველობას. ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციური მოწყობის თაობაზე მიღებული იქნება ფართო სამოქალაქო შეთანხმების საფუძველზე. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა გონივრული მოსაზრება და ინტერესი;
- საპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელობის გაზრდა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და პეტიციის კომიტეტების თავმჯდომარეები, ისევე, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე და წევრთა ნახევარზე მეტი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა იყვნენ;
- პარლამენტის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის შემოღება;
- მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის გაზრდა და მათი კარიერული წინსვლის პრინციპის დაწესება;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ისეთი წესის შემოღება, რომელიც გამორიცხავს მის პოლიტიზებას;
- საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება და კონსტიტუციურ სარჩელთა განხილვის ვადების შემცირება;
- იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის გამარტივება;
- პროკურატურის ფუნქციისა და ადგილის კონსტიტუციით იმგვარად განსაზღვრა, რომ იგი იქცეს დამოუკიდებელ, არაპოლიტიზებულ სამართალდაცვის ორგანოდ;
- იმ უწყებათა შერწყმის ან სხვაგვარი გაერთიანების აკრძალვა, რომლებიც პასუხისმგებელია სამხედრო ძალებზე, სახელმწიფო უშიშროებასა და პოლიციაზე;
- სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის გაზრდა და პარლამენტის დავალდებულება, შეაფასოს მისი რეკომენდაციების განხორციელების მიზანშეწონილობა;
- ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემისა და სხვადასხვა დონის ორგანოთა უფლებამოსილებების განსაზღვრა სუბსიდირების პრინციპის დაცვით;
- კონსტიტუციის სტაბილურობის უზრუნველყოფა - არსებითად უნდა გართულდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წესი.