სამოქალაქო სექტორი საქართველოში ბოლო წლებში დისკრედიტებული აღმოჩნდა, რადგან ხშირად მისი წარმომადგენლების მიკერძოებულობა მმართველი ძალისადმი აშკარად თვალში საცემი იყო. გარდა ამისა, ქვეყნის გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ (მაგალითად, მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი). მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო თავად უნდა აფინანსებდეს სამოქალაქო სექტორს, იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რომლებიც ქართული სახელმწიფოს წინაშე დგას. დაფინანსება და პრიორიტეტების გამოკვეთა უნდა ხდებოდეს საჯაროდ და გამჭვირვალედ, სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების პარიტეტული მონაწილეობით. ფართო საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ყოველი პროექტის განხორციელებისა და მისი ეფექტიანობის შესახებ.