შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

მართლმსაჯულება გამომდინარეობს სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობიდან, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში არჩევითი დემოკრატიის მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს. ,,ქართული ოცნების" მიერ სასამართლო რეფორმად წოდებული  პირველი და მეორე ტალღა, სხვა არაფერი აღმოჩნდა, თუ არა ინდულგენცია იმ მოსამართლეებისათვის, რომლებიც იყვნენ ,,ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმის თანაშემოქმედნი და საბოლოო სასამართლო აქტებით აკანონებდნენ  ყოველგვარ ბოროტებას, რომელსაც იგი სჩადიოდა ქვეყანაში წლების განმავლობაში. გამომდინარე აქედან,  „დემოკრატიული მოძრაობა" მიიჩნევს, რომ

  • მოსამართლე, როგორც დამოუკიდებელი ხელისუფალი, ვერ ჩაითვლება პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად, თუ მის მიერ საქართველოს სახელით ერთპიროვნულად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება ნაკარნახევია პოლიტიკური კონიუნქტურით. შესაბამისად, ის შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ასეთი რეჟიმის შემოქმედად და დაუყოვნებლივ უნდა იქნას ჩამოცილებული დაკავებული თანამდებობიდან.

  • უნდა გადაიხედოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევის და უფლებამოსილების განხორციელების წესი. არჩვენები უნდა ტარდებოდეს არა მოსამართლეთა დახურულ კონფერენციებზე, არამედ საჯარო-საზოგადოებრივი განხილვების გზით, თითოეულ კანდიდატთან მიმართებით.
  • უნდა გაიზარდოს მოსამართლეთა განგრძობადი განათლების დიაპაზონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ფინანსურ-ეკონომიკური სახის სასამართლო დავების ფარგლებში, სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მიღების მიზნით.
  • საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციით მოსამართლეთა ხელშეუხებლობის საგარანტიო ნორმები შესაბამისობაში უნდა იქნას მოყვანილი დამოკრატიული საზოგადოების მიზნებთან.
პარტიის პოზიცია