შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

უნდა შეიცვალოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ" და ხელისუფლებამ თანხის საბოლოო ოდენობის დათვლისას ორიენტირად უნდა აიღოს სოციალური ნორმატივი და არა ფაქტობრივი მონაცემები. კერძოდ, სასურსათო კალათის კალორიულობა 2,200-დან - 2,500 კილოკალორიამდე უნდა გაიზარდოს. სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება არანაკლებ 50/50 უნდა განისაზღვროს. ამ ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამოანგარიშებული საარსებო მინიმუმი საქართველოში დაახლოებით 250 ლარს შეადგენს. ხელფასებისა და პენსიების ინდექსაცია უნდა მოხდეს ინფლაციის გათვალისწინებით.


ქვეყანაში უნდა გატარდეს საპენსიო რეფორმა. პენსია (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარჩენალდაკარგულების, პოლიტრეპრესირებულების და ყველა სხვა კატეგორიის მინიმალური პენსია) გაუტოლდება რეალურ საარსებო მინიმუმს, განისაზღვრება შრომითი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. საარსებო მინიმუმს ზემოთ დაირიცხება დანამატი - ნამსახურობის ყოველ წელიწადზე. დედებს შვილის აღზრდის პერიოდი ჩაეთვლებათ შრომით სტაჟში; დაწესდება „დედის ხელფასი".


ომის ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის უნდა შეიქმნას ღირსეული სოცილური გარანტიები.


უნდა განისაზღვროს მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის სტატუსი და შემოღებული იქნას მათთვის შემწეობა.


უნდა მოხდეს საცხოვრებელდაკარგულთა აღწერა და მათთვის ეფექტიანი დახმარების გაწევის მიზნით სოციალური დაცვის საგანგებო პროგრამის შემუშავება.


საშუალო ფენა უნდა გაძლიერდეს და რაოდენობრივად გაიზარდოს. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში უმრავლესობა არა სოციალურად დაუცველთა ფენა, არამედ საშუალო ფენა გახდეს.


აუცილებელია ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება - წელიწადში მინიმუმ 100 ათასი კვ.მ ფართით ახალგაზრდა ოჯახების დაკმაყოფილება. ამისათვის, უნდა შეიქმნას არამომგებიანი სახელმწიფო ფონდი, რომელსაც საბრუნავი სახსრები, 50 მილიონი ლარის უპროცენტო სახელმწიფო სესხის სახით, და მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადაეცემა. ამრიგად, ახალგაზრდა ოჯახი საცხოვრებელი ფართის მხოლოდ თვითღირებულებას, ანუ დღევანდელი საბაზრო ფასის მესამედს გადაიხდის. შემოსული თანხა კვლავ შეავსებს ფონდს შემდგომი 100 ათასი კვ.მ-ის ასაშენებლად, რომელიც კვლავ ახალგაზრდა ოჯახებს დაეხმარება.

პარტიის პოზიცია