შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა

ხელს შევუწყობთ სისტემის იმგვარ რეფორმირებას, რომ სამედიცინო პერსონალის წახალისება ხდებოდეს სწორედ ჯანმრთელი კონტინგენტის მატების შემთხვევაში, რისთვისაც სწორედ გამართული, თანამედროვე ამბულატორიული სისტემა იქნება მოწოდებული. იგი არ დაუშვებს დაავადებათა მძიმე ფორმამდე მისვლას. საბოლოო ჯამში, დღევანდელთან შედარებით, ეს ბევრად უფრო ეკონომიური სისტემა იქნება.


სახელმწიფო ჯანდაცვითი გარანტიები უნდა გახდეს, მართლაც საყოველთაო და სამართლიანი ნებისმიერი მოქალაქისთვის: მოქალაქეს, რომელიც დღეს დასაქმებასთან დაკავშირებულ კორპორატიულ დაზღვევას ფლობს და შეიძლება ხვალ სამუშაოს გარეშე დარჩეს, არ შეიძლება დაუყოვნებლივ არ მიენიჭოს უფლება, ისარგებლოს სამედიცინო მომსახურების იმავე პაკეტით, რაც საყოველთაო პროგრამითაა გათვალისწინებული და მას სამუშაოს დაკარგვასთან ერთად, ჯანმრთელობის დაკარგვის რისკიც არ გაეზარდოს.


განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყოფილ უბნის ექიმებს (ახლა ოჯახის ექიმებს უწოდებენ) - მოსახლეობისთვის პირველი ზოგადი საექიმო დახმარების გაწევის სპეციალისტებს, რათა მათი სამუშაო პირობები, მოტივაცია რეალურად შეესაბამებოდეს იმ დიდ ამოცანას, რომელსაც მათ ჯანდაცვის სისტემა აკისრებს და რა შედეგსაც მათგან მოვითხოვთ. რეალურად უნდა დავაფასოთ ამ პროფესიონალების მძიმე შრომა, განსაკუთრებით სოფლად.


ამბულატორული პროფილის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო დახმარების გაძლიერების პარალელურად, უნდა შეიქმნას და დაიხვეწოს მოსახლეობის მედიკამენტური საშუალებებით უზრუნველყოფის სახელმწიფოებრივი სქემები, რათა საბოლოოდ დავაღწიოთ თავი უწამლობით მიშვებული ავადობისა და თვითმკურნალობის მიზეზით გამოწვეულ მძიმე შედეგს.


სახელმწიფო თავისი მატერიალური შესაძლებლობისა და სამედიცინო ქსელის პოტენციალის ფარგლებში სრულად დაეხმარება მათ, ვისაც თვითონ არ შეუძლია უზრუნველყოს თავისი ჯანმრთელობა. სოციალურად მგრძნობიარე ფენები: ბავშვები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმუშევრები, ომის ვეტერანები, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები, სოციალურად დაუცველი პირები,  უზრუნველყოფილი იქნებიან ქვეყანაში განხორციელებადი სრული სამედიცინო მომსახურებით (ამბულატორული სამედიცინო დახმარებიდან დაწყებული სტაციონარულით დამთავრებული, სამედიცინო ჩვენებით აუცილებელი მედიკამენტების ჩათვლით).

პარტიის პოზიცია