შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ჩვენი ინიციატივით, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, როგორც დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, ზედა ინსტანციის სასამართლოებში მოწვეული იქნებიან კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე უცხოელი მოსამართლეები, რომლებიც დაინიშნებიან განსაზღვრული ვადით და ეტაპობრივად მოხდება მათი ჩანაცვლება ადგილობრივი მოსამართლეებით;

  • სახელმწიფოსთან მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული დავების გადასაწყვეტად, ჩვენ შევქმნით დავების განხილვის საბჭოს ანალოგიურ მექანიზმს - ადმინისტრაციულ არბიტრაჟს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება უცხოელი არბიტრებით. მომჩივანის მხრიდან დავის მოგების შემთხვევაში, სახელმწიფოს კანონით აეკრძალება გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება, ხოლო მოქალაქე შეინარჩუნებს აღნიშნულ უფლებას;

  • ჩვენ ავამოქმედებთ ნაფიც მსაჯულთა სისტემას სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას 1 წლით, ან მეტი ვადით. ასევე, შევქმნით მსაჯულის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს. მსაჯულზე ზემოქმედების მცდელობა, მუქარა, ან რაიმე სხვა სახის ზეწოლა დაისჯება თავისუფლების აღკვეთით;

  • იმისთვის, რომ გაიზარდოს სასამართლოს დამოუკიდებლობა, აღიკვეთოს მოსამართლეზე მუქარის, ზეწოლის და ძალადობის საფრთხე და სასამართლო არ იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირებაზე, ჩვენ ამერიკული მოდელის მიხედვით შევქმნით სასამართლო მარშალის ინსტიტუტს ამგვარ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების უფლებამოსილებით;

  • ჩვენ შევამჭიდროვებთ სამოქალაქო დავების განხილვის ვადებს, რათა მოქალაქეებმა დროულად და გაჭიანურების გარეშე მიიღონ მართლმსაჯულება. ასევე, დავნერგავთ გამსვლელი მაგისტრატის ინსტიტუტს, რომელიც ოპერატიულად გადაწყვეტს სამეზობლო და მსგავსი კატეგორიის დავებს;

  • ჩვენ გავაუქმებთ მოსამართლეებისთვის დადგენილ, ე.წ. სამწლიან გამოსაცდელ ვადას, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეები დაინიშნებიან სიცოცხლის ბოლომდე;

  • სახელმწიფოსთან დავის პროცესის მოქალაქის მხრიდან მოგების შემთხვევაში, სრული დანახარჯები (მათ შორის, მიუღებელი შემოსავალი, აგრეთვე ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება) დაეკისრება სახელმწიფოს, რათა მოქალაქე არ დაზარალდეს სახელმწიფოსთან დავის პროცესში;

  • ჩვენ სრულად ავამოქმედებთ მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესს.
პარტიის პოზიცია