შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ჩვენ გავაგრძელებთ განუხრელ მსვლელობას ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია;

  • ჩვენ გავაღრმავებთ ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას;

  • ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას დასავლეთის უსაფრთხოების და სამართალდამცავ სტრუქტურებთან საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში გარე ჩარევების განეიტრალების მიზნით;

  • ჩვენ დავუბრუნებთ მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს;

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად, ჩვენ გავაძლიერებთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებაში;

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერებისა და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად, ნატო-ს ეგიდით და/ან ნატო-ს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაერო-სა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;

  • 2019 წლამდე, ეტაპობრივად, ჩვენ შეირაღებულ ძალებს სრულად გადავიყვანთ პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს ვიტყვით სავალდებულო სამხედრო სამსახურზე; გავაძლიერებთ ოფიცერთა კორპუსის პროფესიული მომზადების დონეს დასავლეთის წამყვან სამხედრო სასწავლებლებთან თანამშრომლობის გზით;

  • ჩამოყალიბდება და დაინერგება ნატო-ს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფცია, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;

  • განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სამხედრო პირთა სოციალურ დაცვას: ეკონომიკის განვითარების პარალელურად, გაიზრდება ანაზღაურება; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაფართოვდება; დაღუპული სამხედრო პირების შვილებს სასწავლო გრანტით სახელმწიფო უზრუნველყოფს;

  • ჩვენ ახალი ძალისხმევით გავაგრძელებთ შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეჩერდა. განსაკუთრებულ ყურაღებას მივაქცევთ ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერუსაფრთხოებას;

  • ჩვენ გავაძლიერებთ სამხედრო მრეწველობას, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;

  • გაძლიერდება საქართველოს პარლამენტის როლი შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად.
პარტიის პოზიცია