ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განახორციელებს უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ მიმართულ რეფორმებს, რომელიც მოახდენს უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ინსტიტუტებს შორის უფრო მჭიდრო კოორდინაციას, უზრუნველყოფს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტების ურთიერთქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და შესაძლებელს გახდის სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორში ჩართული ინსტიტუტების შესაბამისი უწყებრივი სტრატეგიების შემუშავებას. ამ პროცესის ქვაკუთხედია სამხედრო ძალებსა და მთელს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის მექანიზმთა შემდგომი გაძლიერება.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, გადამწყვეტია NATO-ში გაწევრიანება, ხოლო გაწევრიანებამდე მჭიდრო თანამშრომლობა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებთან. საქართველო ითამაშებს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის აუზსა და აღმოსავლეთ ევროპაში ისეთი რეგიონალური ინიციატივების მხარდაჭერად, რომელიც ხელს უწყობს მთელი რეგიონში დემოკრატიულ პროცესების განვითარებას.