ძალის არგამოყენება და მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ დავრჩებით ერთგული 2009 და 2013 წლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებისა, არ გამოვიყენოთ ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებული საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.
რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ რუსეთის ფედერაციას ოკუპანტ სახელმწიფოდ მივიჩნევთ. მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დამოკიდებულების ცვლილებაზე.
პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მჭიდრო ურთიერთობები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან. ჩვენ გვექნება კონრეტული ინიციატივები, მათ შორის, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რომ არსებობდეს მუდმივი კომუნიკაცია ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებთან.
საოკუპაციო ხაზის საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად მხარეს უსაფრთხოების გაზრდა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ არ გაგრძელდეს "მცოცავი ოკუპაცია", არ გადმოიწიოს მავთულხლართები და არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა და უსაფრთხოების და ღირსების შელახვა. შესაბამისად, ჩვენ გავზრდით უსაფრთხოების ზომებს გამყოფი ხაზის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს - კვლავ განვათავსებთ საგუშაგოებს და აღვადგენთ პატრულირებას მთელი პერიმეტრის გასწვრივ.
თავისუფალი გადაადგილების მიღწევა იქნება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტი.თავისუფალი გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოგვარების მიზნებისთვის.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა. დიდი გამოწვევაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, განსაკუთრებით კი, გალის და ახალგორის რაიონების მოსახლეობის უფლებების მუდმივი შელახვა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების ჩამორთმევა;
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო ანექსიის საწინააღმდეგო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.