შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

უმუშევრობის დასაძლევად ენმ მოახდენს ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციას. შევამცირებთ გადასახადებს, შევამცირებთ სამთავრობო ბიუროკრატიას, მეტი ფული დარჩება კერძო სექტორს. ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი წინაპირობა კერძო სექტორის განვითარებაა.

  • ჩვენ მოვახდენთ სრულ საგადასახადო ამნისტიას;

  • გადასახადების შემცირება არ ჩაითვლება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად;

  • ჩვენ მოვახდენთ 500,000 ლარამდე (დღეს არსებული 50,000 ლარის ნაცვლად) გადასახადებისგან თავის არიდების დეკრიმინალიზაციას;

  • 2017 წელს ჩვენ შევამცირებთ საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - 10%-მდე;

  • 2017 წლის 1 იანვრამდე დავხვეწავთ განაწილებული მოგების გადასახადის ადმინისტრირებას და ოთხი წლის განმავლობაში შევამცირებთ მას 10%-მდე;

  • 2017 წელს ჩვენ 25%-ით შევამცირებთ სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე, ასევე, ალოკოჰოლურ პროდუქციაზე დავწევთ სააქციზო განაკვეთს საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე;
  • 2017 წლიდან ჩვენ გავაუქმებთ გადასახადს საპროცენტო შემოსავალზე;

  • 2017 წელს ჩვენ გავაუქმებთ უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის მინიმალურ, ორწლიან პერიოდს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის - ექვსთვიან პერიოდს;

  • 90,000 ლარამდე წლიური ბრუნვის (ანუ დღეში, საშუალოდ, 250 ლარამდე) ინდმეწარმის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება;

  • 200,000 ლარის წლიური ბრუნვის (ანუ დღეში, საშუალოდ, 550 ლარამდე)  ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება;

  • დღგ-ს მხოლოდ 200,000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან;

  • საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, 1,500 ლარი გახდება.

 

ამ საგადასახადო ინიციატივების შედეგად, სხვადასხვა რეგულაციაზე უარის თქმით და ბიზნესისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებით, 2017 წელსვე შეიქმნება არანაკლებ 45,000 ახალი სამუშაო ადგილისა, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ, 150,000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისა და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, მოსალოდნელია ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა.

პარტიის პოზიცია