თუ გვსურს პარლამენტში გვყავდეს წარმომადგენელი, რომელიც ჩვენს შეხედულებებს გამოხატავს, ხოლო საქართველო გახდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც გამორიცხული იქნება ავტორიტარული (ერთპიროვნული ან ერთპარტიული) რეჟიმის დამყარება, საამისოდ, პირველ რიგში, საჭიროა, არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით, როცა პარლამენტის 150 წევრი აირჩევა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში. ასეთი სისტემა მოგვცემს ამომრჩეველთა ნების შესატყვისი შედეგის მიღების, მათ შორის, რეგიონული ინტერესების გათვალისწინების შესაძლებლობას.
ადგილობრივი არჩევნების სისტემა უნდა შეიცვალოს შედარებით რბილი სისტემით (მაგალითად, პროპორციული სისტემით, ღია პარტიული სიებით, ან მასთან კომბინირებული მრავალმანდატიანი ოლქებით), რათა გაიზარდოს საკრებულოებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლობა.
საარჩევნო პროცესს თან ახლავს დემოკრატიულობის ხარისხის განმსაზღვრელი ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტი, როგორიც გენდერული თანასწორობაა. მისი უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია პოლიტიკურ საქმიანობაში ქალთა ჩაბმის წამახალისებელი რეგულაციების შემოღება, როგორიცაა გენდერული კვოტირება პარტიების საარჩევნო სიებში.