შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, სასამართლოს ხელმისაწვდომობის და მოსამართლეთა პროფესიონალიზმის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, სასამართლოს თავმჯდომარეების როლის ახლებური გააზრება და სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება:

  • გაფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება: გარდა არსებულისა, იგი უნდა წყვეტდეს დავებს საერთო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის გამო, თუ დავის საფუძველი სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმის ან მისი ინტერპრეტაციის კონსტიტუციურობაა; მკაფიოდ ჩამოყალიბებული ადმინისტრაციული პრაქტიკის კონსტიტუციურობის გამო, თუ ამგვარი პრაქტიკა ზღუდავს პირის ამა თუ იმ ძირითად უფლებასა თუ თავისუფლებას; ნებისმიერი ნორმატიული აქტის, და არა მხოლოდ კანონის, კონსტიტუციურობის გამო;

  • უზრუნველყოფილი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობა. სკოლა დამოუკიდებლად ჩაატარებს მისაღებ კონკურსს და განსაზღვრავს მსმენელთა ვინაობას. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოშორდება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატებს თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტი დანიშნავს;
  • მოსამართლედ გამწესებისათვის დაწესდება ნამსახურობის ცენზი: პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლისათვის - იურისტად მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის - პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება;

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს კანონით განსაზღვრული გამჭვირვალე პროცედურით, სულ ცოტა, თხუთმეტწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე იურისტებისგან ან მოსამართლეთაგან, რომელთაც აქვთ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის, სულ ცოტა, ოთხწლიანი გამოცდილება;

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გადაყენება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით;

  • კანონით, და არა საკუთარი რეგლამენტით, განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითადი საკითხები, რაც უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას; 

  • სასამართლოს თავმჯდომარეთა ვინაობა კონკრეტული სასამართლოს მოსამართლეთა შორის წილისყრით განისაზღვრება. კანონით განისაზღვრება სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კოლეგიის თავმჯდომარის ფუნქციები, რომელთა შორის უმთავრესი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება იქნება; 

  • დაუყოვნებლივ ამოქმედდება მოსამართლეთა შორის საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი შერჩევით განაწილების წესი.
პარტიის პოზიცია