შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
უსუფაშვილი - რესპუბლიკელები

საქართველოს უნდა ეკავოს ღირსეული ადგილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების მსოფლიო სისტემაში და ატარებდეს ეფექტურ საგარეო პოლიტიკას ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და კულტურული განვითარების უზრუნველსაყოფად.


ამისათვის საჭიროა მეტი ინტეგრაცია დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში, კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან, ვინც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს და ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის უკეთ წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე.


ქვეყნის მთავარი საფრთხეა ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურებული რუსული იმპერიალიზმი. რუსეთის აგრესიული მიზნები და ამბიციები საქრთველოსთან მიმართებაში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით და დე-ფაქტო ანექსიით არ დასრულებულა. რუსული საფრთხე რეგიონალურ და გლობალურ და არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კონტექსტშია დასანახი.


ქვეყნისათვის აგრეთვე მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია შეიარაღებული კონფლიქტები და მზარდი სამხედრო-პოლიტიკური კონკურენცია სამეზობლოში, საერთაშორისო  ტერორიზმი, ევროსკეპტიკური განწყობების ზრდა ევროპაში, იზოლაციონიზმის შესაძლო ზრდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბალი და რუსული აგრესიის ზრდის მაღალი ტემპი.


საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელი უფრო ეფექტური, თანმიმდევრული და დინამიური საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის  საჭიროა:

  • ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტების თაობაზე ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა და დაცვა;

  • ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის, როგორც თვალსაწიერ მომავალში სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიული ვექტორის, კონსტიტუციურ პრინციპად ქცევა;

  • ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უკეთესი ჰარმონიზაცია;

  • რეგიონული მასშტაბის სამშვიდობო და სათანამშრომლო პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების შეთავაზება;
  • სტრტეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობიდან მეტი ხელშესახები სარგებლის მიღება კონკრეტული პროექტების ინიცირებით;  

  • დიპლომატიური სამსახურის სრულად განთავისუფლება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალების ვიწროპარტიულ-საარჩევნო ამოცანებისგან;

  • დიპლომატიურ მისიებში წარგზავნილი საჯარო მოხელეების პროფესიული კვალიფიკაციის მუდმივი ზრდა და მათი საქმიანობის და ცხოვრების ღირსეული პირობების უზრუნველყოფა;

  • 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციელებაში პარლამენტის შესუსტებული როლის გაზრდა კონსტიტუციური ან სხვა მექანიზმებით.  

პარტიის პოზიცია