აფხაზებთან და ოსებთან შერიგების ღირებულებით საფუძვლად ჩვენ მივიჩნევთ ევროპეიზაციას, ინსტიტუციურ საფუძვლად კი - ევროინტეგრაციას. ამის საფუძველი იქნება ლიბერალური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფოდ საქართველოს ჩამოყალიბება.
კონფლიქტების მოგვარების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად ჩვენ ვაღიარებთ დიალოგს, რაც ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის აუცილებელ ნიადაგს ქმნის. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში) კონფლიქტების მოგვარებას ჩვენ ვხედავთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის პარადიგმაში, რომელიც ეფუძნება სუბსიდიარობის, ასიმეტრიული რეგიონალიზმის პრინციპებს. ამგვარ სახელმწიფოში ყველა ეთნიკური ჯგუფის სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია, მრავალფეროვნება აღიარებულია, როგორც ღირებულება, ხოლო დისკრიმინაციის ნებისმიერი სახე გამორიცხულია. იმავდროულად, ვინაიდან მკაფიო ასიმეტრია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შემთხვევაში ობიექტური ხასიათისაა, კონფლიქტების მოგვარების სამართლებრივ-პოლიტიკური ფორმულები, შეიძლება, განსხვავებული აღმოჩნდეს.
უნდა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან ჰარმონიზაცია, რომლის დროსაც უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით, რომ კანონი მიმართული უნდა იყოს ოკუპაციის და არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ.
საერთაშორისო მისიები უნდა დაბრუნდნენ და შერიგების პროცესში მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ, ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა სრულყოფილად უნდა ამოქმედდეს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩამოყალიბება და ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს წინსვლა დამატებით შესაძლებლობებს ანიჭებს საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენი სურვილია, რომ ამ შესაძლებლობებით სრულად ისარგებლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) მოსახლეობამაც. საქართველომ საერთო ევროპული მომავალისკენ სვლა უნდა შესთავაზოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) საზოგადოებებს.