შერიგების პოლიტიკის დღის წესრიგში უნდა შევიდეს გალის რაიონში, საერთაშორიო მონიტორინგის პირობებში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, დაბრუნებულთა უსაფრთხოების, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან მათი თანასწორუფლებიანობის, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის დაუშვებლობის გარანტიების შექმნა.
ამგვარი პირობების უზრუნველყოფა ქმნის შესაძლებლობას დევნილთა დაბრუნების ფაქტის აღიარების თაობაზე აფხაზურ მხარესთან ორმხრივ ფორმატში დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობის დასაწყებად. დოკუმენტში ასევე უნდა დაფიქსირდეს აფხაზეთის სხვა რაიონებში დევნილთა ნებაყოფლობითი, ეტაპობრივი, უსაფრთხო, ღირსეული დაბრუნების პრინციპები. ამგვარი ტექსტის გაფორმება მოხსნის ორმხრივ თუ საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო რეაგირების მექანიზმების გამოყენების აუცილებლობას და ურთიერთნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე მნიშვნელოვან გარღვევად მოგვევლინება. ანალოგიური პრინციპების საფუძველზე უნდა გადაიჭრას დევნილთა დაბრუნების პრობლემა ოსურ მხარესთანაც.
ნებაყოფლობით დაბრუნების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ვრცელდება იმ პირებზეც, ვისაც კონფლიქტის გამო მოუწიათ თავისი საცხოვრებლისა და ქონების მიტოვება საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ჩვენ ვიზიარებთ „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ" კანონის" (2007 წ. 1 იანვარი) სულისკვეთებას და მზად უნდა ვიყოთ ამ საკითხების უფრო ფართო სამართლებრივ და გეოგრაფიულ კონტექსტში განსახილველად.
გალისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებთა უსაფრთხოებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის უზრუნველყოფა კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ე.წ. „ბორდერიზაციის" პრაქტიკა იწვევს მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, ლახავს ადამიანის ძირითად თავისუფლებებს. საქართველო ცდილობს ამ რაიონების მცხოვრებთა მდგომარეობის შემსუბუქებას (მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად) ადგილობრივ ხელისუფლებებთან ურთიერთქმედებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობითა და საერთაშორისო მისიების მეთვალყურეობის ქვეშ.