ჩვენი პოლიტიკის ფოკუსში გარემოს დაცვითი საკითხების მოქცევა მიზნად ისახავს დაასაბუთოს რომ გარემოს დეგრადაცია ეკონომიკურად წამგებიანია და პირიქით, გარემოს დაცვას მაღალი ეკონომიკური შედეგიანობა ახასიათებს. გარემოზე მიყენებული ზარალის და მისი სოციალური და კულტურული შედეგების აღმოფხვრა უფრო ძვირია, ვიდრე ეკონომიკის და რესურსების გამოყენების ურთიერთმიმართებაში მდგრადობის მიდგომის ჩართვა (რაც, ერთჯერადად და ხანმოკლე პერსპექტივაში, მეტ ინვესტირებას ითხოვს, მაგრამ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაშია მომგებიანი). ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მაღალმთიან რეგიონებში დაცული ტერიტორიების განვითარება და მათ ირგვლივ ეკონომიკური აქტივობების გაშლა. უკვე არსებული პრაქტიკით ჩანს, სადაც დაცული ტერიტორიები შეიქმნა, ადგილობრივი თემი ეკონომიკურ აქტივობას იოლად ითვისებს, იქმნება გესთჰაუზები, იწყება აგროპროდუქციის წარმოება, ეკოტურიზმის ინფრასტრუქტურა ვითარდება, იქმნება თვითმყოფადი და მდგრადი სათემო ეკონომიკური ინფრასტრუქტურა.
დაცული ტერიტორიები ასევე აუცილებელია წყლის რესურსების შენარჩუნებისთვის. აღმოსავლეთ საქართველო, უპირველესად თბილისი, ჯამში საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანი, დამოკიდებულია ფშავ-ხევსურეთის მდინარეებიდან მიღებულ წყალზე. ამ წყალს საფრთხე შეექმნება თუკი აღმოსავლეთ საქართველოს მთის ტყეების დეგრადაცია გაგრძელდება. მათი აღდგენა გაცილებით ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე შენარჩუნება.
უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ექსპლუატაცია. ამჟამად, არ არსებობს არანაირი პოლიტიკის ხედვა თუ როგორი სტანდარტით შეიძლება გარემოში ჩარევა და რა მოთხოვნები არსებობს გარემოზე მიყენებული ზარალისთვის ინვესტორის მიმართ. ამ მიმართულებით, ჩვენ შევქმნით აქტორებს შორის კომუნიკაციის შესაბამის მექანიზმს და გამჭვირვალობის სათანადო სტანდარტს, რაც კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ალბათობას შეამცირებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გარემოსთვის მიყენებულ ზარალს, ემატება სოციალური და ეკონომიკური ფასი. საჭიროა ყველა ამ კომპონენტის თანაფარდობის ანალიზი და მოკლე, საშუალო და ხანგრძლივ ვადიანი ეკონომიკური მოგების პარამეტრების მიხედვით გარემოს დაცვითი სტრატეგიის შემუშავება.
განსაკუთრებით მწვავედ დგას ურბანული სივრცეების ეკოლოგიის პრობლემები. ამ მხრივ ჩვენი ყურადღების ცენტრშია სამშენებლო სექტორი და ქალაქგანვითარების პოლიტიკა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და საჯარო სივრცის მოწყობის საკითხები.